მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლილოში $82 მლნ-იანი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის საკითხი აპრილში გააქტიურდება

5c98aa2c3cf0f
ლიკა გურაბანიძე
25.03.19 14:32
2295
ლილოში 82 მლნ დოლარის ღირებულების, შეჩერებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის საკითხი მიმდინარე წლის აპრილში კვლავ გააქტიურდება.

როგორც bm.ge-ის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „კა დე ვე ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ვაჟა სამადბეგიშვილმა განუცხადა, ის აპრილში ევროკავშირის ექსპერტებისგან სპეციალურ დასკვნას მიიღებს, რომლის მიხედვითაც, ქარხანის მშენებლობის მომავალზე თბილისის მთავრობის, ასოციაციების და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად საჯარო დებატები გაიმართება.

„პროექტი კონკრეტულ ბიზნესმენს და ბიზნესს გასცდა, ეს სოციალური პროექტია, რომელსაც ქალაქისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აპრილის შუა რიცხვებში, გამართულ შეხვედრაზე დეტალურად უნდა გაირკვეს რას ედავებიან კომპანიას და სამომავლოდ, რა ბედი ელის ქარხნის მშენებლობას,“ - განაცხადა ვაჟა სამადბეგიშვილმა.

რაც შეეხება ინვესტორის მხრიდან 2018 წლის ნოემბერში პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძისთვის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის, გაგზანილ ღია წერილს, (იხილეთ ლინკზე: http://www.bm.ge/.../narchenebis-gadamamushavebeli.../26293  ) „კა დე ვე ჯორჯიას“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამ დრომდე მისთვის პასუხი არავის გაუცია.

„კა დე ვე ჯორჯიას“ დირექტორი თავს დაზარალებულად მიიჩნევს, რადგან მშენებლობაში მთავრობის მითითებით, 5 მილიონ ნახევარ ლარზე მეტი უკვე დახარჯული აქვს.

შეგახსენებთ, კომპანია „კა დე ვე ჯორჯიამ“ 2016 წელს მერიის მიერ საყოფაცხოვრებო და მუნიციპალური ნარჩერნების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. 2017 წელს მშენებლობასთან დაკავშირებით მერიასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა და შეთანხმებაც შედგა, რომ 2018 წლის ნოემბერში ქარხანა სატესტო რეჟიმში უნდა ამუშავებულიყო, თუმცა გასული წლის 8 ოქტომბერს შეთანხმება სასამართლოს ძალით ჩაიშალა.

ბიზნესმენსა და მერიას შორის დაიწყო დავა. 28 ოქტომბერს კი, პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილებით, კომპანიას საწარმოს მშენებლობის უფლება გაუუქმდა. მოგვიანებით მერიამ „კა დე ვე ჯორჯიას“ საწარმოსთვის განკუთვნილი მიწის ნაკვთიც ჩამოართვა.

როგორც გასული წლის შემოდგომაზე ვაჟა სამადბეგიშვილი აღნიშნავდა, „კა დე ვე ჯორჯია“ ხელშეკრულების პირობებს აკმაყოფილებდა, თუმცა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორი შენიშვნა დააფიქსირა და მერიას აცნობა.

ინვესტორი უწყებების მიერ მოცემულ შენიშვნებს არ განიხილავდა და აცხადებდა, რომ შენიშვნებს ხელშეკრულებასთან კავშირი არ ჰქონდა.

კერძოდ, პირველი: ქუჩებში, ფერად კონტეინერებში დასახარისხებელი ნარჩენების განთავსება, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში უნდა მომხდარიყო. თუმცა კომპანიას ხელშეკრულება მხოლოდ ქარხნის მშენებლობაზე ჰქონდა გაფორმებული, რადგან ქუჩაში ვინ როგორ შეაგროვებს ნარჩენებს, ეს სხვა სამსახურის პრეროგატივა იყო.

მეორე - სპეციფიკური ნარჩენების (ფაბრიკა ქარხნების) გადამუშავებაც საყოფაცხოვრებო ქარხნის პრეროგატივა უნდა ყოფილიყო, რაც ინვესტორისთვის წარმოუდგენელი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები