მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიმიტის ზღვარზე მივდივართ" - APM Terminals Poti გაფართოების საჭიროებაზე საუბრობს

ფოთის პორტი

“ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ზვიად ჩხარტიშვილის თქმით, სავარაუდოა, რომ წელს ტვირთი ფოთის პორტის გამტარუნარიანობას, ანუ 600 000 TEU-ს გადააჭარბებს. როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში აღნიშნა, ამისთვის პორტს მზაობა აქვს, თუმცა არის გარკვეული ლიმიტებიც, თუ რა მოცულობის ტვირთის მომსახურებაა შესაძლებელი.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ფოთის ნავსადგურმა ჯამში 525,211 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია.

ზვიად ჩხარტიშვილი ხაზს უსვამს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდის საჭიროებას.

"საკმაოდ აგრესიული კონკურენციის პირობებში გვიწევს მუშაობა. შუა დერეფანი ყოველთვის იყო ალტერნატივა. აგრესიულ კონკურენციაში ვგულისხმობ იმას, რომ ტვირთისთვის ძირითადი მარშრუტები იყო ჩრდილოეთის დერეფანი და სამხრეთის დერეფანი. თქვენ იცით, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში გადამისამართდა, ჩვენ სულ ვსაუბრობთ ამაზე, რომ უნდა გაიზარდოს შესაძლებლობები. თუ არ გაიზარდა შესაძლებლობები და ჩვენ თუ ვერ მივიჩვიეთ ტვირთი და თუ ვერ დავტოვეთ, ჩვენ ვიქნებით როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივა. ჩვენი ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ ეს იყოს კონკურენტუნარიანი დერეფანი, ეგრეთ წოდებული არჩევითი დერეფანი და არა, ვთქვათ, იძულებითი დერეფანი.

თუ 1 მილიონი TEU კონტეინერი გაჩნდა ბაზარზე, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ 525 000 TEU არის უკვე 9 თვის მონაცემებით დამუშავებული. ჩვენი წლიური გამტარუნარიანობა არის 600 000 TEU, მაგრამ საპროგნოზო მაჩვენებლებს უშუალოდ ჩვენ ვივლით, დაახლოებით რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი, ახლა ვხდებით, რომ 600 000-ს სავარაუდოდ გადავაჭარბებთ და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ მზად ვართ, რომ, ვთქვათ, 650 000 TEU-მდე ვიმუშაოთ. თქვენ იცით, რომ ახალი ამწე შევიძინეთ, რომ 50 000 TEU-თი კვლავ გავზარდოთ გამტარუნარიანობა, მაგრამ ყველა ლიმიტს თავისი საზღვარი აქვს. რა თქმა უნდა საზღვარი არსებობს და ეს საზღვარი გადის, ალბათ, დაახლოებით 650 000-დან, ნუ შემდეგი წლისთვის შეიძლება, 700 000 TEU-მდე, უშუალოდ ფოთის პორტს ვგულისხმობ", - აღნიშნა მან.

“ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ფოთის პორტის გაფართოების საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროსგან მოლაპარაკებების მზაობა არსებობს.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და ახლა ჩვენ ფოკუსირებულები ვართ, რომ გავუმკლავდეთ არსებულ ნაკადების ზრდას. ერთი პატარა დეტალი მინდა ამ შემთხვევაში ვახსენო, რომ ჩვენ როდესაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გქონდა შეხვედრა, მათ აღნიშნეს, რომ დღეს სახელმწიფოს ძალიან უჭირს ნაყარი ტვირთების მომსახურება, რადგან ყველაზე მეტი მატება ნაყარ ტვირთებთან დაკავშირებითაა და თქვენ ნახავთ კიდევაც, ჩემი სტატისტიკაც APM Terminals-ის მიერ გენერალური ტვირთების დამუშავება 61%-ით არის გაზრდილი, რომლის მთავარი ბიზნესი არის საკონტეინერო მომსახურება. იცით, რომ ფოთის ნავსადგურის მფლობელი APM Terminals-ია და ჩვენს ნავსადგურში აგრეთვე მოიჯარეები მუშაობენ, რომელთა ერთი ნაწილის პროფილი არის თხევადი ტვირთები და არის ჯგუფი, რომელიც ნაყარ ტვირთებზე მუშაობს. მათ ყოველთვის ჰქონდათ წლიდან წლამდე მატება, მაგრამ APM Terminals-ისთვის 61%-იანი მატება ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფოს დავუკმაყოფილეთ ეს წილი, დამატებით ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ გენერალურ და ნაყარ ტვირთებს მოვმსახურებოდით და შედეგიც სახეზეა. ამიტომ, ყოველდღიურ ურთიერთობაში ჩვენ საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც ჩვენს რეგულატორთან - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან. გვაქვს მოკლევადიანი მიზნები და ჩვენ შევთანხმდით, რომ წლის ბოლომდე აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ გრძელვადიან მიზნებს, იმიტომ რომ ლიმიტის ზღვარზე მივდივართ. ეკონომიკის სამინისტროც მზად არის, რომ დავსხდეთ და უკვე გრძელვადიან მიზნებზე - რასაც ჰქვია ფოთის პორტის გაფართოების პროექტი - დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას", - ამბობს ზვიად ჩხარტიშვილი.

შეგახსენებთ, ფოთის პორტის გაფართოების $300-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის საკითხი, რაზედაც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაცია 2018 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე ღიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები