მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lingwing დამფუძნებელი ბიზნესის პრობლემებზე წერს - "რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!"

5ea9765d49ab6
BM.GE
29.04.20 16:39
1802
ელექტრონული პლატფორმა Lingwing-ის თანადამფუძნებელი დავით ველიაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს და იმ პრობლემებზე წერს, რომელიც საქართველოში მოქმედ მაღალტექნოლოგიურ ბიზნესს აწუხებს. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში მათი ბიზნესი არათუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა კიდეც, თუმცა, კიდევ უფრო მეტად განვითარებაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბიზნესის გაფართოებაში კონკრეტული პრობლემები უშლით ხელს. გთავაზობთ დავით ველიაშვილის სტატუსს: 

"მაღალტექნოლოგიური ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა საქართველოში.

პანდემიის პერიოდში ჩვენი ბიზნესის შემოსავალი 2-ჯერ გაიზარდა!

არათუ არ გაგვიშვია თანამშრომლები სამსახურიდან, არამედ ახალ კადრებს ვეძებთ, როგორც სრულ და არასრულ განაკვეთზე, ასევე დისტანციურ სამუშაოზე.

რას ვაკეთებთ?

- უცხო ენებს ვასწავლით ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენს პლატფორმაზე 170 000 მომხმარებელია დარეგისტრირებული და მათი რიცხვი ყოველდღიურად მინიმუმ 200-ით მატულობს.

რა გვინდა?

1. გვინდა უფასოდ მივაწოდოთ ჩვენი რესურსი იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ჩვენი პლატფორმის პრემიუმ/ფასიანი პაკეტების შეძენა არ შეუძლია.

რატომ ვერ ვაკეთებთ?

- ამის მონიტორინგის რესურსი არ გაგვაჩნია და გვსურს განათლების სამინისტრომ, ან რომელიმე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ გაუწიოს რეკომენდაცია უფასო რესურსებით მოსარგებლე შესაბამის ჯგუფს (თუ გნებავთ - კლასტერებს). ჩვენ კომეციული ორგანიზაცია ვართ და სრულიად უფასო ვერ იქნება ჩვენი პროდუქტი.

რა გავაკეთეთ ამისათვის?

- გავუგზავნეთ წერილი განათლების მინისტრს, საიდანაც 30 დღის შემდეგ შეგვეხმიანენ და გვკითხეს, თუ რამდენი უფასო პაკეტის გაცემის შესაძლებლობა გვაქვს, რაზეც ჩვენი პასუხი იყო, რომ რაოდენობაში არ ვართ შეზღუდული და მხოლოდ მათ რეკომენდაციებს ველოდებით.

რა რეზულტატი გვაქვს?

- ველოდებით პასუხს, ისევ ველოდებით!

რა ღირს ჩვენი პროდუქტი?

- 6 ევროპული ენის (ინგლისური, ესპანური, იტალიური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ენების შესწავლა ულიმიტო რეჟიმით (ყველა ენა და დავალებებების შეუზღუდავი დღიური ლიმიტი) სწავლის ღირებულება თვეში 8 ლარიდან არის შესაძლებელი (ფასდაკლებებიც გვაქვს!).

კიდევ რა გვინდა?

2. გვინდა გავიდეთ სხვა ქვეყნების ბაზრებზე

რა გვიშლის ხელს?

- უცხო ქვეყნების მოქალაქეები და მათ შორის ქართველი ემიგრანტები უცხოური პლასტიკური ბართებით ვერ ახერხებენ ჩვენი მომსახურების საფასურის გადახდას (ჩვენი ქვეყანა და ბანკები ვერ სარგებლობენ სათანადო ნდობით).

რა გავარკვიეთ?

- ვესაუბრეთ ყველა წამყვან ბანკს და სახელმწიფოსაც ამ პრობლემის მოგვარების მიზნით და ყველას პასუხი იყო, რომ ეს პრობლემა ჯერ ვერ მოგვარდება.

რა გამოსავალი გვაქვს?

- დიდი ალბათობით იმ ქვეყანაში გადავიტანთ კომპანიას, სადაც ეს პრობლემები არ გვექნება, რის შემდეგაც დაიკარგება კომპანიის ქართული წარმოშობა და იმის მაგივრად, რომ სხვა ქვეყნების მომხმარებლების მიერ გადახდილი უცხოური ვალუტა შემოსულიყო საქართველოს ხაზინაში, ახლა ჩვენი არსებული ქართველი მომხმარებლების მიერ გადახდილი უკვე დოლარები და არა ლარები, გავა ქვეყნიდან.

რა კეთდება ტექნოლოგიური ბიზნესების განვითარების მხრივ საქართველოში?

- ოპს, რაღაც ისე არ წავიდა. ეტყობა კითხვა ვერ გავიგე. გაიმეორეთ თუ შეიძლება.

გვეშველება რამე?

- ა? ხო, ალბათ, კი, კი. არა, აი ეს - რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!",- ნათქვამია სტატუსში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები