რედისონ ბლუ ივერიაში ლისი დეველოპმენტის და ონლაინ ჟურნალის Homeis.ge ორგანიზებით, არქიტექტურის და დიზაინის ღონისძიება „Homeis Gathering“ გაიმართა. 600 მდე არქიტექტორი და სფეროს პროფესიონალი ღონისძიების მთავარი თემის- „ანაბეჭდის“ გარშემო გაერთიანდა. ანაბეჭდი როგორც ადამიანის ინდივიდუალობის განმსაზღვრელია, ასევე არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში „ანაბეჭდი“ პროექტის ავტორის უნიკალურობაზე მეტყველებს. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი ლისი დეველოპმენტია, კომპანია რომლის ანაბეჭდი უძრავი ქონების სფეროში საკმაოდ შთამბეჭდავია. კომპანია 14 წელია მწვანე მიდგომებს ნერგავს და ქვეყანაში განსხვავებული არქიტექტურის და კონცეფციის პროექტებს ქმნის. წლევანდელი ღონისძიების გამომსვლელების სია საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ადგილობრივ წამყვან არქიტექტორებთან ერთად, ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი არქიტექტურული კომპანიები, როგორიცაა რიკარდო ბოფილის არქიტექტურული სტუდია, ჰოლანდიური კომპანია UN Studio და ბრიტანული არქიტექტურული კომპანია Architects of Invention.