საფეხბურთო ფორმები MADE IN GEORGIA წარწერით საქართველოში არაერთი საფეხბურთო გუნდისთვის იკერება. ამის შესახებ BMG-ს სამკერვალო ფაბრიკა “აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა, გია ლომინაძემ უთხრა.
მისი განცხადებით, კომპანიამ გასულ წელს ყველაზე მეტი, 1 მილიონი ერთეულის შეკერვაზე, შეკვეთა ლივერპულისგან მიიღო.
„ბარსელონას გარდა, ალბათ ყველა კლუბისთვის შევკერეთ. შევკერეთ: ლივერპულის, ჩელსის, რეალ მადრიდის, დორტმუნდის, არსენალის, ბაიერნის და ა.შ. გასულ წელს ყველაზე დიდი შეკვეთა ლივერპულზე გვქონდა, 1 მილიონი ცალი, დანარჩენებზე 200 000-დან 500 000-მდე. მიდის ახლაც პროცესი“,- ამბობს გია ლომინაძე.
“აჭარა ტექსტილი" თანამშრომლობს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორებიცაა: Nike, Puma, Adidas და ა.შ.
“აჭარა ტექსტილი” 2008 წელს თურქულმა აჯეკა ჰოლდინგმა დააფუძნა. კომპანია ჯამში 4 500 ადამიანს ასაქმებს. მისი ნაწილია სამკერვალო საწარმო რუსთავში, "ქართლი ტექსტილი", რომლის მშენებლობისთვის 2020 წელს, 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მილიონი ლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია.