მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლობოტი" - პირველი იურისტი ბოტი საქართველოში

5cf53d4e90b1a
ლევან თაღიაშვილი
04.06.19 11:49
3637
პირველი იურისტი ბოტის - „ლობოტის“ დამფუძნებლის უჩა ძიმისტარიშვილის განცხადებით, იურისტების საქმიანობის 30%-ის მექანიზაცია უკვე შესაძლებელია.

იურიდიულმა კომპანია CCLA-მ პირველ ქართულ იურისტ ბოტზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც ერთბაშად 12 ჯარიმის გასაჩივრება ერთბაშად დასჭირდათ.

მიხვდნენ, რომ ამ ყველაფერში ბევრი დრო დაეხარჯებოდათ და პროცესის მექანიზება იყო საჭირო. პროექტის პირველი ვერსიაც სწორედ ავტომობილის ჯარიმების საკითხს ეხებოდა.

ბოტით სარგებლობა ამჟამად უფასოა და მომხმარებელს მის გამოსაყენებლად მხოლოდ Facebook გვერდზე შესვლა და ჩათის გახსნა ესაჭიროება. ბოტი შესაბამის კითხვებს თავად დაგისვამთ და საუბრის ბოლოს Word-ის ფაილში გამზადებულ ხელშეკრულებას გამოგიგზავნით.

ჯარიმები, მიღება-ჩაბარების აქტი, საჩივრები - ეს იმ სერვისების მოკლე ჩამონათვალია, რის მიღებაშიც „ლობოტი“ დაგეხმარებათ. კომპანიას GITA-ს მიერ მიღებული 100,000 ლარიანი გრანტიც დაეხმარა განვითარებაში, რის შემდეგაც ბოტს მათ 12 სახის განსხვავებული სერვისი დაამატეს.

“მსოფლიოში დადგენილია, რომ იურისტების სამუშაოს 30%-ის ავტომატიზაცია არის შესაძლებელი. ეს ჩვენ რეალურ გზას გვაძლევს, თუ საითკენ უნდა წავიდეთ. დღეს „ლობოტი“ უკვე ბევრი მიმართულებით მუშაობს, ყოველდღე მიდის შეცდომების აღმოფხვრა, ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქტი უცხოური ანალოგისგან განსხვავებით გაცილებით მარტივი კომუნიკაციით გამოირჩეოდეს. ბოტი თავად ეკითხება ადამიანს იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც დოკუმენტის შედგენისთვისაა საჭირო. მუდმივ რეჟიმში ხდება როგორც სერვისების დამატება, ასევე მისი გაუმჯობესებაც. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ, საბოლოოდ ჩავუშვათ პროექტი", - ამბობს ძიმისტარიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები