"საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის“ თავჯდომარემ, გიორგი დობორჯგინიძემ Bm.ge-ს განუცხადა, რომ ის დოკუმენტი, რაც ასოციაციამ ფრანგულ კომპანიასთან ერთად მოამზადა, არ იყო გამოსაქვეყნებელი დოკუმენტი. ის მსოფლიო ბანკის დაკვეთით ეკონომიკის სამინისტროსთვის მომზადდა და მოიცავს რეკომენდაციებს, ქვეყანაში ლოგისტიკის გაუმჯობესებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
"ჩვენმა ასოციაციამ ფრანგებთან ერთად გააკეთა დოკუმენტი "ლოგისტიკის ეროვნული პოლიტიკა", რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთვის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მომზადდა. ის მოიცავდა რეკომენდაციებს ლოგისტიკური ინდექსის გაუმჯობესების კუთხით, კერძოდ, იმ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რაც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში ამ მიმართულებით.
ეს არ იყო გამოქვეყნებადი დოკუმენტი, ეს იყო რეკომენდაციები მთავრობისთვის, რომელზეც უნდა აიგოს მათი სტრატეგია. ანუ, რას ნიშნავს ეს? მსოფლიო ბანკი დაეხმარა მთავრობას და მისცა რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინოს ლოგისტიკის ფორმირებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მათ ერთი ერთში უნდა აიღონ. დოკუმენტი ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს აქვს და მის ბაზაზე საკუთარ დოკუმენტს შექმნიან" - განაცხადა გიორგი დობორჯგინიძემ.
მისი განმარტებით, "ლოგისტიკის ეროვნული პოლიტიკა“ ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის იანვარ-თებერვაში ჩაბარდა. ის რეკომენდაციები, რაც მთავრობას გაუწიეს, სამი ნაწილისგან შედგება.
"პირველი ეს იყო ინფრასტრუქტურა, მეორე იყო ტექნოლოგიები, ანუ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა და მესამე - რეგულაციების ნაწილში რეკომენდაციები. ეს იყო მხოლოდ რჩევები და რას გაითვალისწინებს ეკონომიკის სამინისტრო აქედან, ეს მათი პრეროგატივაა“ - განაცხადა გიორგი დობორჯგინიძემ.

























