მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად საქართველოს ლოგისტიკური ინდექსი 2012 წლიდან დღემდე გაუარესებულია და ის 2012-2018 წლების რეიტინგში 167 ქვეყანას შორის 124-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველოს ამ ინდექსში 77-ე ადგილზე იყო.
როგორც ექსპერტი დავით გოჩავა ამბობს, ქვეყანაში ამ მიმართულებით სიტუაცია ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს.
,,ეს ანგარიში მსოფლიო ბანკმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, ამიტომ მის შესწავლას დრო სჭირდება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ბოლო ორი წლის განმავლობაში რადიკალურად არ შეცვლილა. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანი ჩვენს წინ არის 123-ე ადგილით, ხოლო სომხეთი კიდევ უფრო წინ - 116-ე ადგილი. არაფერს ვამბობ რეგიონში მთავარ მოთამაშეზე, თურქეთზე, რომელიც რეიტინგში 37-ე ადგილს იკავებს, - ის უპირობო ლიდერია და მას ვერავინ შეეცილება დიდი ხნის განმავლობაში. როცა კენია ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის რეიტინგში 63-ე ადგილზეა, ხოლო ტანზანია - 67-ეზე, შენ კი 124-ე ადგილს იკავებ და რეგიონში სატრანსპორტო ჰაბის როლის შესრულებაზე გაქვს პრეტენზია, სიტუაცია, ცხადია, ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს, თანაც, დაუყოვნებლივ” – აცხადებს ,, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ ხელმძღვანელი, დავით გოჩავა.
არასამთავრობო ორგანიზაცაია HUB Georgia - ს აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის განმარტებით კი, ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური სფეროს განვითარების სტრატეგია.
,,საქართველო მსოფლიო რუქაზე სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროში მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილს იკავებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციები მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას გვიწევენ, რომ მოხდეს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და დარგის განვითარების ხელშეწყობა. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ეროვნული ლოგისტიკის სტრატეგიის დოკუმენტი 2017–2026 უნდა შექმნილიყო, რაზეც ფრანგული საკონსულტაციო კომპანია EGIS International ქართველ ექსპერტებთან ერთად მუშაობდა. დოკუმენტი ჯერ 2016 წლის ბოლომდე უნდა გამოქვეყნებულიყო, შემდეგ თარიღმა 2017 წლის ბოლომდე გადაიწია, თუმცა დღეს უკვე 2018 წელია და ის კვლავ არავის უნახავს. რატომ მალავდა დოკუმენტს ეკონომიკის სამინისტრო და რა გახდა ამ პროცესის გაჭიანურების მიზეზი? კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.
ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფი ყოფილ ეკონომიკის მინისტრთან დაახლოებული პირებისგან შედგებოდა, ხდებოდა თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და შემუშავებული დოკუმენტი მსოფლიო ბანკის მიერ დაწუნებული იქნა. მაგავსი უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო, საქართველო მსოფლიო ლოგისტიკის რეიტინგში კვლავ არასახარბიეო ადგილს იკავებს და 2012-2018 წლების მონაცემებით 167 ქვეყანას შორის 124 ადგილზეა, რაც ქვეყნისთვის, რომლსაც სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულება პრიორიტეტულად აქვს გამოცხადებული, კატასტროფაა“ - აცხადებს ვასო ურუშაძე.

























