მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლოგისტიკის პრობლემა ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე - კომპანიების ნაწილს ქვეყანაში საწვავი ვეღარ შემოაქვს

საწვავი

საქართველოს პორტების ტერმინალებში არსებულმა ლოგისტიკურმა შეფერხებებმა შესაძლოა ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე კონკურენციის შემცირება და ფასების კიდევ უფრო მეტი ზრდა გამოიწვიოს.

როგორც კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი ზაალ იაკობიძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, თუ ადრე რუსეთიდან საწვავის შემოტანა რკინიგზის ცისტერნებით თავისუფლად იყო შესაძლებელი, დღეს ეს გზა პრაქტიკულად ჩაიკეტა. იმპორტიორები იძულებულნი გახდნენ, გადასულიყვნენ საზღვაო გზებზე, თუმცა აქ მათ ახალი ბარიერი დახვდათ.

კერძოდ, მისი განმარტებით, მცირე და საშუალო კომპანიებს პორტებში არსებულ ტერმინალებთან მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმება უჭირთ. ტერმინალები უარს „გადატვირთულობით“ ამართლებენ, რაც მისი შეფასებით, მცირე მოთამაშეებს დამოუკიდებელი იმპორტის შესაძლებლობას ართმევს.

შეზღუდული იმპორტის პირობებში, მცირე კომპანიები იძულებულნი არიან, საწვავი ადგილზე, მსხვილი ნავთობიმპორტიორებისგან შეიძინონ.

„წარმოიშვა ისეთი ლოგისტიკური პრობლემები, რომ რამდენიმე მსხვილი კომპანიის გარდა, შეუძლებელი გახდა ნავთობპროდუქტების შემოტანა ტანკერებით. მცირე კომპანიებისთვის შეუძლებელია შესაბამისი მომსახურების გაფორმება პორტებში არსებულ ტერმინალებთან. შესაბამისად, ამ წუთისათვის ხდება ამ კომპანიების მიერ მსხვილი კომპანიებისგან საწვავის შეძენა ადგილზე.

საბითუმო ყიდვის შემდეგ კომპანიას სჭირდება ტრანსპორტირებისა და ოპერაციული ხარჯების დამატება, რის გამოც მათი ფასი თითქმის უთანაბრდება მსხვილი ბრენდული კომპანიების ფასს. ეს პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მათ საქმიანობას.

თუ შეიზღუდება კონკურენცია, როცა გაყიდვების დაახლოებით 40-45% საქართველოში სწორედ ამ კომპანიებზე მოდის, ეს ბუნებრივია რაღაც პერიოდის შემდეგ გაცილებით მძიმედ აისახება ბაზარზე და გამოიწვევს ფასების მატებას”,- აცხადებს ზაალ იაკობიძე.

მისი თქმით, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს საერთაშორისო ბაზარზე არსებული არასტაბილურობა. განსაკუთრებით მაღალი ფასი ფიქსირდება დიზელზე, რომლის ღირებულებაც ამ დროისთვის ტონაზე 1287 დოლარს აღწევს, რაც დაახლოებით 200 დოლარით მეტია ბენზინის ფასზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები