“კადრების დეფიციტი ერთ-ერთი სერიოზული ხელშემშლელი პირობაა უცხოური ინვესტიციების შემოდინებისთვის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში“ - ამის შესახებ საუბარია „საქართველოს 2023 − 2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიაში“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სექტორში დაგეგმილი ახალი პროექტები კიდევ უფრო გააღრმავებს ლოგისტიკის სპეციალისტების დეფიციტს. სექტორში დასაქმებული პერსონალი კი, დღეს მეტწილად წარმოადგენს თვითნასწავლ ან თვით კომპანიების მიერ მომზადებულ სპეციალისტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ თეორიული ცოდნა აღნიშნული მიმართულებით
„უცხოური კომპანიები მიიჩნევენ პერსონალის დეფიციტს, მათი ბიზნესის განვითარების, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის შემცველ ფაქტორს საქართველოში“, - ნათქვამია სტრატეგიაში.
დოკუმენტის მიხედვით, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში კვალიფიციური კადრების უზრუნველყოფა დაკავშირებულია შემდეგ ძირითად გამოწვევებთან:
- სატრანსპორტო გადაზიდვებში და ლოგისტიკის მიმართულებით საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული სტანდარტები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, არსებული პროგრამების უმეტესობა არ პასუხობს არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს.
- ლოგისტიკა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დარგს. შესაბამისად, საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, რომლებიც ჩართული არიან ლოგისტიკის სექტორში, ესაჭიროებათ მაღალი დონის ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი სწავლებისთვის. ამჟამად ვერცერთი საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს შესაბამის მაღალტექნოლოგიურ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.
- ლოგისტიკის სექტორში არსებულ აკადემიურ პერსონალს არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, იმისათვის რომ წარმართოს სწავლების პროცესი მაღალი სტანდარტებით. იმის გამო, რომ არ არსებობს აკადემიური კადრების გადამზადებისთვის შესაბამისი ფინანსური სახსრები, ძნელი ხდება სწავლის ხარისხის შენარჩუნება მომავალში.
- გარდა უმაღლესი განათლებისა, საქართველოში არსებობს მოკლევადიანი გადამზადების კურსების დეფიციტი. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს დარგში დასაქმებული პროფესიონალების მუდმივი გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.
- ასევე დეფიციტს წარმოადგენს კვალიფიციური პროფესიული გადამზადების პროგრამები. დაბალია კერძო სექტორის ჩართულობა, როგორც პროფესიული ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით.
- სატრანსპორტო დარგების მიმართულებით არსებობს სერიოზული დეფიციტი კვალიფიციური სპეციალისტების მხრივ. მიუხედავად სახელმწიფოს და კერძო სექტორის მხრიდან გაწეული ძალისხმევისა, გამოწვევად რჩება საავტომობილო, საზღვაო, სამოქალაქო ავიაციისა და სარკინიგზო მიმართულებით საჭირო სპეციალისტების და შესაბამისი საკვალიფიკაციო კურსების საჭირო რაოდენობის არსებობა.
- ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში შესაბამისი ადამიანური კაპიტალის უზრუნველყოფას ასევე ართულებს კადრების გადინება. კვალიფიციური პერსონალის შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას საჯარო სექტორში, რისი მთავარი მიზეზიც სამუშაო პირობების და ანაზღაურების მხრივ კერძო სექტორთან შედარებით მისი დაბალი კონკურენტულობაა.
სტრატეგიის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია არაერთი ნაბიჯის გადადგმა ვითარების გამოსწორებისთვის, მათ შორის, საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა ერთობლივი პროგრამების დანერგვისთვის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მათ შორის დეფიციტურ და პრიორიტეტულ მიმართულებებზე სასწავლო გრანტების გამოყოფის გზით და სხვ.