"ჩვენ გვსურს რომ კანონი შესრულდეს, მაგრამ ბიზნესს პრობლემები არ შეექმნას. ეს კანონი რომ უნდა გადაიხედოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს", - განცხადება, რომელიც სარეკლამო აბრებზე ქართულ წარწერებს ეხება, ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ დღეს "საქმის კურსში" გააკეთა.
რეკლამის შესახებ კანონის მიხედვით, კომპანიები ვალდებულნი არიან სარეკლამო აბრებზე ქართული წარწერები დაბეჭდონ. კომპანიები, რომელთა სახელიც ქართულად პირდაპირ ვერ ითარგმნება, კონსულტაციებს ბიზნესომბუდსმენთან გადიან.
"დღეს გვაქვს საკანონდებლო მოთხოვნა და მისი გატარება ბიზნესისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. რთული საკითხია და ხისტი, ნაჯახისებური ჩაჩეხვა, აქ არ იქნება სწორი. ჩემი პირადი აზრია, რომ ლოგოს და საფირმო წარწერის თარგმნა არაფრის მომცემი არ არის. ბიზნესი გაგებით ეკიდება ამ თემას, გამოთქვამს მზაობას რომ მაქსიმალურად ჩართული იყოს, გონივრულ ვადებში მოახდინოს ტექნიკური ცვლილებების გატარება და ადგილობრივი ხელისუფლება ბიზნესისთვის კომფორტულ გარემოს თუ შექმნის, ბიზნესისთვის ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის", - განაცხადა ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ "საქმის კურსში".

























