მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლომბარდები ახალი რეგულაციების გადავადებას ითხოვენ

5bdc4982ac0be
ელენე გოგბერაშვილი
02.11.18 17:00
2621
დღეს არასაბანკო ფინანსურმა ინსტიტუტებმა ეროვნულ ბანკთან აქცია გამართეს, სადაც ისინი მარეგულირებლისგან 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ასამოქმედებელი რეგულაციების გადავადებას და ლიბერალიზაციას მოითხოვდნენ. მათ ნაწილს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი შეხვდა, სადაც მიიღეს დაპირება, რომ ცენტრალური ბანკისგან შემხვედრ წინადადებებს ერთი კვირის ვადაში უნდა ელოდონ.

„მოხდა დროის აღება სებ-ისგან. ვფიქრობთ, იქნება გათვალისწინებული ჩვენი ინტერესები, მაგრამ მოლოდინი იმის, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე მოხდება შეთანხმება და გრძელვადიან პერიოდში მოხდება რეგულაციების გადატანა, არ მაქვს“-აცხადებს არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ბერძენაძე.
მისი თქმით, შენიშვნები რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის პროსცესს.

„1-ლი იანვრიდან რეგისტრაციის მოთხოვნა მკაცრია. გაუჭირდებათ მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტებს, თუნდაც კრედიტორებთან დაკავშირებით მოთხოვნის შესრულება. არის ფართთან დაკავშირებული საკითხები. რეგულაციის მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალის საოპერაციო ფართი უნდა იყოს არანაკლებ 20 მ2, ჩვენ კი ვითხოვთ ზემოთაღნიშნული მოთხოვნა 15მ2-მდე შემცირდეს“-აცხადებს ბერძენაძე.

ის ამბობს, რომ კიდევ ერთი პრობლემური საკითხია მოსაკრებელთან დაკავშირებით, რაც 10 ათას ლარს შეადგენს. „თუ კომპანიამ რეგისტრაცია ვერ გაიარა, ის კარგავს ამას. კომპანიას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ გაივლის რეგისტრაციას ან რეგულაცია უნდა გადავადდეს რომ შესაბამისობაში მოვიდეს სტანდარტებთან“ -განმარტავს ბერძენაძე.
შპს „სწრაფი კრედიტის“ დირექტორის, ვახტანგ გრიგალაშვილის განცხადებით, მათ სებ-ში შეხვედრაზე მიიღეს დაპირება, რომ ერთი კვირის ვადაში უპასუხებენ. ამბობს, რომ რამდენიმე საკითხი იქნა დაყენებული მათი მხრიდან. ერთი ის, რომ ერთ სივრცეში შესაძლებელი იყოს როგორც სალომბარდე, ისე სავალუტო ოპერაციების შესრულება. მეორეა ფართის თემა. „ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია კრედიტ ინფოს საკითხი. მომსახურების ფასი, რომელსც არანაირი სარგებელი არ მოაქვს ჩვენთვის, 5000 დოლარი ღირს დამატებული დღგ, ყოველთვიური გადასახდელი კი 175 დოლარია, რაც სხვა ფასი ღირდა რეგულაციამდე“-აცხადებს გრიგალაშვილი.

იმ შემთხვევაში თუ სები დათმობაზე არ წავა და აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ნაწილობრივ მაინც არ დააკმაყოფილებს, ლომბარდების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტი ბაზრიდან გაქრება.

ეროვნულ ბანკსა და არასაბნკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის შეხვედრა ისე დასრულდა, რომ ცენტრალურ ბანკს კომენტარი არ გაუკეთებია.

სებ-მა ახალ რეგულაციებზე სექტორს ინფორმაცია სექტემბრის ბოლოს მიაწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები