სესხის გამცემი სუბიექტების ე.წ. ლომბარდების წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ ბანკს შეხვდნენ. შეხვედრაზე ის რეგულაციები განიხილეს, რომელიც ქვეყანაში პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს და რომელიც სესხის გამცემი სუბიექტების მიერ სესხების უზრუნველყოფისთვის აღებული ქონების დაგირავების საკითხს ეხებოდა. ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულმა ცვლილებებმა ლომბარდების ნაწილი დააბნია. ისინი აცხადებდნენ, რომ ახალი რეგულაციების შედეგად, სესხის გამცემი სუბიექტები ბაზრიდან გაქრებოდნენ. ცვლილებების მიხედვით, ე.წ. ლომბარდებს ბანკებში სესხების დაგირავება აღარ შეეძლებათ მათი კლიენტების ქონებით (ოქრო, ავტომობილები...). ანუ ლომბარდებს აღარ შეეძლებათ საკუთარი მომხმარებლების მიერ სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების ბანკში დაგირავება.
დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ლომბარდების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ცვლილებები არასწორად გაიგეს, რასაც ხელი შეუწყო სხვადასხვა ტიპის განცხადებებმა, რომ ლომბარდებს სესხის გადაგირავებისთვის უზრუნველყოფის სახით საკუთარი ქონების ჩადება მოუწევდათ.
კომპანია "სწრაფი კრედიტის" ხელმძღვანელი ვახტანგ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ რეგულაციის გაცხადებამ გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია ბაზარზე.
"მივმართეთ ჩვენს პარტნიორ ბანკებს, მათაც არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული პასუხი. დღეს კი მოხდა სამუშაო შეხვედრა ეროვნულ ბანკთან და ეს საკითხები ჩავშალეთ. მარეგულირებლის მხრიდან მოხდა არგუმენტების წარდგენა და ვერ დავინახეთ ისეთი გამოკვეთილი პრობლემები, როგორზეც აპელირება ხდებოდა განვლილი დღეების მანძილზე, რომ ლომბარდების 80% ამას ვერ აიტანდა და დაიხურებოდა და ა.შ.
ახალი რეგულაციით, მოხდება სესხების გადაგირავება, მიბმული უზრუნველყოფასთან ერთად და არა უზრუნველყოფის ცალკე გადაგირავება, რაც აქამდე ხდებოდა", - აცხადებს ვახტანგ გრიგალაშვილი.
მისივე თქმით, ეს მომხმარებლის უფრო მეტ დაცულობას უზრუნველყოფს.
"უბრალოდ უხეშად გამოიყურება, როდესაც კომპანია მისი სესხების უზრუნველსაყოფად გამოიყენებს სხვის ქონებას, მხოლოდ ამ ნაწილში იხელმძღვანელა მარეგულირებელმა, რომ ეს დისკომფორტი მომხმარებელს აღარ ჰქონოდა. ვფიქრობ, არაფერი ძირეული ცვლილება არ იქნება, რაც ჩვენს სექტორს დააზიანებს და მით უმეტეს გააქრობს", - აცხადებს ვახტანგ გრიგალაშვილი.
1 ივლისიდან "სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, სესხის ამღები სუბიექტები გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მათ მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებას ვეღარ შეძლებენ.

























