„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, რომელიც სესხის გამცემ სუბიექტებს მსესხებლების მიერ სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ქონების კომერციულ ბანკებში გადაგირავებას უკრძალავდა, ძალაში 1 ივლისიდან უნდა შესულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ლომბარდები ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მარეგულირებლისგან 2020 წლის 1 იანვრამდე დროის გადაწევა ითხოვეს, სებ-მა მათი ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და რეგულაციები ძალაში 1 ივლისის ნაცვლად მიმდინარე წლის 1 ნოემბერს შევა.
როგორც BM.GE-ის ეროვნულ ბანკში განუცხადეს, დროის გადაწევის მიზეზი სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ტექნიკური საკითხების მოგვარებისთვის დროის მიცემა იყო, რაც თავად ამ სექტორის წარმომადგენლებმა ითხოვეს.
„სწრაფი კრედიტის“ ხელმძღვანელის ვახტანგ გრიგალაშვილის განმარტებით, 1 ივლისამდე არსებული ვადა კაბალური იყო. ახალი ვადის განსაზღვრით კი, ბიზნესს არა - თავისუფალი, მაგრამ კარგი სამუშაო დრო მიეცა ახალ რეალობაზე გადაეწყოს.
„იმ შემთხვევაში თუ რომელიმე საფინანსო კომპანია ფინანსურად კოტრდებოდა, მისი დაგირავებული ოქრო ბანკში იყო ბანკის ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ჩადებული უზრუნველყოფის საშუალებად, ანუ ის, რომ ბანკს შეეძლო ამ ოქროს პირდაპირი წესით გაყიდვა და მისი ვალდებულების დაკმაყოფილება, ცვლილება შეეხო მხოლოდ ამ ნაწილს, რომ ბანკმა აღარ გაყიდოს უზურნველყოფა და პირდაპირი კონტაქტი დაამყაროს ნივთის უშუალო მესაკუთრესთან.
ვალდებულების გადაბარება მოხდება საკანონმდებლო დონეზე. აქამდეც ხდებოდა ასე, თუმცა ეს იყო ბანკის კეთილი განწყობა, ახლა კი მოხდა ამის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა.
საკითხი შედარებით ფორმულირდა, უფრო მეტად გახდა მომხმარებელზე ორიენტირებული, რომ მისი ნივთები იყოს დაცული არაკეთილსინდისიერი საფინანსო ინსტიტუტებისგან, თუ არსებობენ ასეთები“, - განმარტავს ვახტანგ გრიგალაშვილი.
მისი თქმით, განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა ლომბარდებს ბანკებიდან დაფინანსების მიღება გაურთულდეთ.
„ვფიქრობ, რომ ბანკები უფრო გულდასმით და შინაარსობრივად შეამოწმებენ იმ კომპანიების ფინანსურ მდგრადობას, ვისთანაც გააგრძელებენ ფინანსურ ურთიერთობას“, - აცხადებს „სწრაფი კრედიტის“ ხელმძღვანელი.

























