ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალს ლონდონში არსებულმა უემბლის სტადიონმა მერვედ უმასპინძლა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ინგლისური კლუბები ვერ ვიხილეთ, დორტმუნდის “ბორუსიას” რიგებში ინგლისიდან ჯეიდონ სანჩო, ხოლო მადრიდის “რეალიდან” ჯუდ ბელინგემი იყო წარმოდგენილი.
ბიზნეს სააგენტოს “London & Partners-ის” ინფორმაციით ფინალის მასპინძლობამ ქალაქს 68 მილიონი დოლარი მოუტანა. ლიგის საფინალო კვირეულზე გასართობი ღონისძიებები მოეწყო ტრაფალგარის მოედანზე, რეგენტის ქუჩასა და ტაუერის ხიდზე.
ლონდონის მერის სადიქ ხანის განცხადებით, ლონდონს დიდი სპორტული ზაფხული ელოდება, რადგან უნდა უმასპინძლოს ბეისბოლის, ჩოგბურთის, კრიკეტის და ფორმულა E-ს ტურნირებს. ამას გარდა პარიზის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისთვის ლონდონში მომზადებას დიდი ბრიტანეთის გუნდი გაივლის.
შეგახსენებთ, რომ უემბლის სტადიონმა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 25 მაისს ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდნენ.