ამ წუთებში ლონდონის საფონდო ბირჟის ოფისში "თიბისი ბანკის" ორგანიზებით, ინვესტორთა დღე იწყება. ოფისში უკვე შეიკრიბნენ ინვესტორები, ანალიტიკოსები და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები. სპეციალურად მათთვის სულ რამდენიმე წუთში "თიბისი ბანკის" მენეჯმენტი უკვე დაიწყებს დეტალური პრეზენტაციების გამართვას.
"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა, უშუალოდ "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელობისგან მოისმინონ ყველა დეტალი, რაც უკავშირდება ბიზნესის ხედვას, სტრატეგიას და სამომავლო პერსპექტივას", - ასეთია "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის გოგა თხელიძის შეფასება ინვესტორთა დღესთან დაკავშირებით.
გოგა თხელიძის თქმით, თიბისის მენეჯმენტს წელს საკმაოდ დატვირთული განრიგი აქვს.
"გვექნება მიმოხილვა როგორც არსებული ბიზნესების, ასევე ახალი პროექტების. ჩემი მხრიდან მინდა აუცილებლად გავუზიარო ის წარმატებები და გეგმები, რაც გვაქვს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო ბიზნესში და რაც, დარწმუნებული ვარ, მეტ თავდაჯერებულობას შემატებს „თიბისის“ მიმართ ჩვენს ინვესტორებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც", - ამბობს გოგა თხელიძე.
თემები მართლაც ძალიან მრავალფეროვანია - მათ შორის, ბიზნესსტრატეგია, ფინანსური შედეგები, სრულად ციფრული ბანკი – სფეისი, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, რისკ-მენჯმენტი, საცალო, კორპორაციული და საინვესტიცი საბანკო მომსახურება, მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესი, თიბისი დაზღვევა, სიახლეები აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრებზე, ეჯაილის სტურქტურა და სხვა.
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ინვესტორთა დღის გამართვაში ჩადებული ინვესტიცია აუცილებლად ითარგმნება "თიბისი ბანკის" აქციების გაზრდილ ფასში და მნიშვნელოვნად გაფართოებულ ინვესტორთა ბაზაში, თუმცა გოგა თხელიძის შეფასებით, თავად ის ფაქტი, რომ "თიბისი ბანკის" აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, არა მხოლოდ ამ ბანკისთვის არის მნიშვნელოვანი მოვლენა.
"ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ჯგუფები, ძალიან მსხვილი ჯგუფები, პირველ რიგში, ენდობიან საქართველოს და შემდგომ, რა თქმა უნდა, ეს არის "თიბისი ბანკის" დამსახურება, რომ ისინი ენდობიან "თიბისი ბანკის" მმართველ გუნდს და ჩვენს სტრუქტურას იმდენად, რომ მზად არიან, მნიშვნელოვანი ინვესტიციები დააბანდონ საქართველოში. ალბათ, ეს არის ძალიან კარგი იმპულსი, ძალიან კარგი მესიჯი სხვა კომპანიებისთვის, რომ ისინიც გავიდნენ კაპიტალის ბაზრებზე და მოიზიდონ ახალი კაპიტალი.
ჩვენ ყველანი მოწმეები ვართ იმ ძალიან კარგი დინამიკის, რომ ყოველწლიურად ახალი და ახალი კომპანიები გადიან როგორც სასესხო, ასევე სხვა კაპიტალის ბაზრებზე და იზიდავენ სხვადასხვა ფორმით ახალ ფულს საქართველოში. ეს კი ნიშნავს მეტ პროექტს და მეტი ბიზნესის განვითარებას", - ამბობს გოგა თხელიძე.

























