მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მცირდება

ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველივე ვაჭრობაში, ქართული კომპანიების აქციების ფასის კლება დაფიქსირდა. ამ დროისთვის, ბოლო სავაჭრო სესიასთან შედარებით, სამივე ქართული კომპანიის აქციების ღირებულების ვარდნა 6%-ს აღემატება.

უფრო დეტალურად, 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, თბილისის დროით 15:40 საათისთვის შემდეგი ტენდენცია ფიქსირდება:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 6.13%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 37.55 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1.78 მილიარდ სტერლინგს აღწევს. კომპანიის აქციები ბოლო ერთი კვირის ჭრილში 8.69%-იან კლებას აჩვენებს.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 11.32%-ით არის შემცირებული. ბანკის ერთი აქცია 25.45 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.6 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ერთ კვირაში კომპანიის აქციები 5.49%-ით შემცირდა.

რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ღირებულებას, 25 ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით კლება 9.38%-ია. შედეგად ერთი აქციის ფასი 9.37 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 412 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ერთ კვირაში კომპანიის აქციები 11.83%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით სავაჭრო სესია არ დასრულებულა, შესაბამისად, მონაცემები ცვალებადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები