რუსეთის მხრიდან ე.წ ტურისტული ემბარგოს შემდეგ განთავსების ობიექტებში რუსი ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ. მათ რიგებშია „ლოპოტაც“.
როგორც bm.ge-თან „ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი ანდრეი ვლასოვი აცხადებს, რუსეთი მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანა იყო და სასტუმროს ჯავშნების რაოდენობით, რუსეთი ტოპ ხუთეულში შედიოდა.
„როგორც სასტუმრო ინდუსტრიის დიდი ნაწილისთვის, ასევე „ლოპოტა სპა რეზორტისთვისაც“ რუსეთი ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა. რუსი ტურისტების მხრიდან ჯავშნის გაუქმების მაჩვენებელი მოცემულ მომენტამდეც საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა, ცხადია, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, ამ ქვეყნიდან ჯავშნების გაუქმების რიცხვმა საგრძნობლად იმატა.
ვფიქრობთ, მომავალ თვეებში დაგვჭირდება დამატებითი ძალისხმევა, რომ რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების წილი სასტუმრო ბიზნესმა ჩაანაცვლოს სხვა ბაზრებით.
ჩვენი სასტუმრო განაგრძობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე მუშაობას და ასევე უფრო აქტიურად აპირებს ახალი პოტენციური ბაზრების ათვისებას; შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებულად დიდ ზარალს რუსეთის ბაზრის ჩაკეტვით არ ველოდებით.
ამასთანავე, იმართება შეხვედრები კერძო სექტორსა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, რათა უკეთ განისაზღვროს, თუ რა ქვეყნებზე უნდა მიიმართოს უფრო აქტიური მარკეტინგული სტრატეგია იმისათვის, რომ ქვეყანამ აითვისოს დამატებითი ტურისტული რესურსი მთელი მსოფლიოდან“-აცხადებს ანდრეი ვლასოვი „ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი.

























