მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლოპოტა სპა რეზორტი“ ფართოვდება - როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები?

ლოპოტა

სასტუმრო კომპლექსი „ლოპოტა სპა რეზორტი“ ფართოვდება. არსებული გეგმით,  2024 წლისთვის კომპლექსის ტერიტორიას ახალი ინფრასტრუქტურა დაემატება. დაგეგმილია დამატებითი სასტუმრო კორპუსის, ბოულინგის, საბილიარდოს, ჯაზ-კლუბის, ლუდსახარშის, რესტორნის და აკვაპარკის გახსნა.

როგორც კომპანიის მენეჯმენტი 2022 წლის ფინანსურ ანგარიშში წერს, 2022 წლის ბოლოს დაწყებული მშენებლობის პროცესი  აქტიურად მიმდინარეობს.

„პროექტების განხორციელება საშუალებას მოგვცემს საქართველოში შევქმნათ მრავალფეროვანი საკურორტო ტიპის სასტუმრო, რომელიც მოემსახურება სტუმრებს მთელი მსოფლიოდან და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს“, - აღნიშნულია მმართველობით ანგარიშში.

რაც შეეხება ჯგუფის 2022 წლის ფინანსურ მაჩვენებლებს. გასულ წელს სასტუმრო კომპლექსის კონსოლიდირებული შემოსავალი 7.1 მლნ ლარით გაიზარდა და 32.2 მლნ ლარს გადააჭარბა. საოპერაციო მოგება 7.5 მლნ ლარი იყო, წლის სრული შემოსავალი კი, 14.3 მლნ შეადგენდა (2021 წ - 9.1 მლნ)  კონსოლიდირებული მონაცემები აერთიანებს თავად „ლოპოტას“ და „ლოპოტა დეველოპმენტის“ მონაცემებს.

ჯგუფის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასტუმრო და მასთან დაკავშირებული სერვისები. სასტუმროში განთავსებულია:  232 სასტუმრო ნომერი;  6 ღია აუზი;  3 ღია ბუნგალო;1 ბარი;  1 კლუბი;  1 დახურული აუზი;  5 რესტორანი; - სპა;  სლავური აბანო; სათავგადასავლო ცენტრი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს სტუმრების 46% იყო ქართველი, 54% კი უცხოელი. უცხოელების 28% საუდის არაბეთიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ. 5% რუსეთიდან, 4.5% კი, ისრაელიდან ჩამოსულ სტუმრებს ეკავა. ჯამში კომპლექსმა 2022 წელს 86,000 სტუმარს უმასპინძლა.  სასტუმროს ოთახების საშუალო წლიური დატვირთულობა 53% იყო.

კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს „ლოპოტა ინვესტმენტი“. თავის მხრივ,  შპს „ლოპოტა ინვესტმენტის“ 70% წილის მფლობელია შპს „ლოპოტა ტურ სერვისი“ და 30% წილის მფლობელია შპს „ლოპოტა“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები