კახეთის რეგიონში სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტერიტორიაზე ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა დასრულდა. ლოპოტას განახლებული დასასვენებელი კომპლექსი სტუმრების მისაღებად უკე მზად არის.
უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონია „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის, საბანკო სექტორის, ბიზნეს სფეროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე, სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
კახეთის რეგიონში მდებარე განახლებული „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის ფარგლებში, დამატებით 84-ნომრიანი სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობა, 600-ადგილიანი ღონისძიებების დარბაზი, რესტორანი, ბუნგალო, ფიტნეს კლუბი, დახურული და ღია საცურაო აუზები აშენდა. „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელებული „ლოპოტა სპა რეზორტის“ გაფართოების პროექტის მეორე ფაზის საინვესტიციო მოცულობა 5,4 მლნ აშშ დოლარია. პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში კი ტერიტორიაზე „შატო ბუერას“ მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ღვინის საწარმოს და რესტორანს გააერთიანებს.
„საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით, განახლებული ლოპოტას ტურისტული კომპლექსი უფრო მეტ დატვირთვას შეიძენს და რეგიონის შემოსავლებსა და ადგილობრივების დასაქმებაზე დადებითად აისახება. „საპარტნიორო ფონდისთვის“ ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა ერთერთი სტრატეგიული მიმართულებაა და მიხარია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ გუნდმა კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის განვითარებაში მიიღო მონაწილეობა. ქვეყანას ექნება გაცილებით უფრო მასშტაბური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ლოკაცია, რომელიც უცხოელი დამსვენებლების მოზიდვის გარდა, ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
„ლოპოტას ტბა ათწლეულების განმავლობაში, მხოლოდ სათევზაო ადგილი გახლდათ და საქართველოს ტურისტულ რუკაზე მონიშნულიც არ იყო. დღეს კახეთის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. ეს პროცესი ჯანსაღ კონკურენციას იწვევს. შესაბამისად, ჩვენ ვზრუნავთ სასტუმროს განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით“, განაცხადა „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებელმა გიორგი მაისურაძემ.

























