ლორის მწარმოებელი კომპანია „ლორუკა“ 2024 წლისთვის წარმადობის გაორმაგებას და ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, მარიამ ლებანიძემ განაცხადა.
„რეალური მიზნები გვაქვს დასახული. რაჭული სიდინჯით მივყვებით მოვლენებს, ვაპირებთ პროდუქციის გამრავალფეროვნებას და წარმადობის გაორმაგებას. 2024 წლიდან „ლორუკას“ ბრენდის ქვეშ მომხმარებლებს შეეძლებათ შებოლილი იხვის და ქათმის შეძენაც. სატესტო რეჟიმში წარმოებისას თითოეული სახეობა, წლის განმავლობაში, 500-500 კილოგრამი იქნება წარმოებული,“ - აღნიშნა მარიამ ლებანიძემ.
მისი თქმით, 1 კილოგრამი შებოლილი იხვის ღირებულება იქნება 80 ლარი, ხოლო შებოლილი ქათმის ღირებულება 35-40 ლარი.
„გვინდოდა ძველი რაჭული ტექნოლოგია გადაგვერჩინა და პროდუქციას ამ ტექნოლოგიით ვამზადებთ. „ლორუკას“ პროდუქციის დამზადების პროცესი 2 თვის განმავლობაში, მუდმივი დაკვირვების პროცესში ხორციელდება. ეს პროცესი დეკემბერში იწყება და მარტამდე გრძელდება,“- განაცხადა „ლორუკას“ დამფუძნებელმა.
ამჟამად „ლორუკას“ წლიური წარმადობა 2 ტონაა და მომხმარებლებს 4 სახეობის პროდუქტს, ლორს, ორი სახის სალას და სნექს აწარმოებს. რაც შეეხება ფასებს, 1 კილოგრამი ლორის ღირებულება 40-50 ლარია, სალას - 25 ლარი, ხოლო სნექის ღირებულება 50 ლარია. როგორც ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, „ლორუკათი“ მოხიბლულია, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებელი.
ლორის მწარმოებელი ქართული კომპანია „ლორუკა“ 2 წლის წინ 20 ათას ლარიანი ინვესტიციით დაფუძნდა, სადაც ჯერჯერობით მუდმივად 2 ადამიანია დასაქმებული და მომხმარებლებს 4 სახეობის პროდუქციის შეძენას ონლაინ, მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.