მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლორუკამ" სარეალიზაციო არეალი გააფართოვა - როგორია რაჭული ლორის წარმოება?

ლორუკა

რაჭული ლორის მწარმოებელმა კომპანიამ „ლორუკა“ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების მიმართულება გააფართოვა, რამაც კომპანიის წარმადობის გაორმაგება უზრუნველყო.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ ლებანიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, ბოლო პერიოდში კომპანიამ თანამშრომლობა რამდენიმე მსხვილ HoReCa ობიექტთან დაიწყო.

„გასულ წელს, დეკემბრის დასაწყისიდან საკმაოდ წარმატებული კონტრაქტები გავაფორმეთ სხვადასხვა, ძირითადად წამყვან რესტორნებთან. HoReCa სექტორში შევედით და სამი დიდი ობიექტი დავიმატეთ, რამაც ჩვენი რეალიზაცია დაახლოებით ორჯერ გაზარდა“, - განაცხადა მარიამ ლებანიძემ.

მისი თქმით, კომპანიის განვითარების გეგმა ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს, რადგან „ლორუკა“ მცირე საოჯახო წარმოებაა და სწრაფი გაფართოებისგან თავს იკავებს: „გვირჩევნია, ყველაფერი ნელ-ნელა და თანმიმდევრულად გავაკეთოთ. მცირე ბიზნესი ვართ და გვინდა, რომ გააზრებულად მივიღოთ გადაწყვეტილებები, რათა ხარისხი შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა მან.

მარიამ ლებანიძის ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიის წლიური წარმადობა დაახლოებით 2 ტონა იყო, მიმდინარე წელს კი იგივე მოცულობის წარმოებას ელოდებიან. კომპანიის გრძელვადიანი მიზანია, წლიური წარმოება 8-10 ტონამდე გაზარდოს, რისთვისაც დაახლოებით 5-წლიან გეგმაზე მუშაობენ.

„ძირითადად ისევ HoReCa სექტორში გაძლიერებას ვგეგმავთ, განსაკუთრებით თბილისის რესტორნების მიმართულებით. თუმცა ჩვენი მცირე საწარმო მეტის საშუალებას ჯერ არ გვაძლევს და გვირჩევნია, განვითარება ეტაპობრივად წავიდეს“, - განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, არსებული საწარმოს მაქსიმუმ 5 ტონამდე გაზრდის შესაძლებლობა აქვს. უფრო დიდი წარმოებისთვის კომპანია ახალი საწარმოს აშენებას გეგმავს.

"იმედი გვაქვს, რომ მომავალში რაჭას დავუბრუნდებით და ახალ, უფრო დიდ საწარმოს ავაშენებთ, რომელიც უფრო მეტი ტექნოლოგიითა და შესაძლებლობებით იქნება აღჭურვილი", - განაცხადა მარიამ ლებანიძემ.

რაც შეეხება ფასს, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მიუხედავად ნედლი ხორცისა და საწვავის გაძვირებისა, „ლორუკას“ პროდუქციაზე ფასები ამ ეტაპზე არ შეუცვლია. მისი განმარტებით, კომპანიის ერთ-ერთი მიზანია, პროდუქციის ფასი სტაბილური იყოს და მომხმარებლისთვის მკვეთრად არ იცვლებოდეს: „თუ ხორცის ფასში რადიკალური ცვლილება არ მოხდა, ფასის გაზრდას არ ვაპირებთ. თუმცა მცირე ბიზნესისთვის მსგავსი რყევები შემოსავალზე მნიშვნელოვნად აისახება“, - აღნიშნა მან.

ამ ეტაპზე კომპანიაში სამი ადამიანი მუშაობს და წარმოება კვლავ საოჯახო პრინციპით მიმდინარეობს. მარიამ ლებანიძის განცხადებით, გაფართოების შემთხვევაში დასაქმების ზრდა საჭირო გახდება, თუმცა რეგიონში მუშახელის დეფიციტის გამო კომპანია ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებითაც მუშაობს.

რაც შეეხება ექსპორტს, „ლორუკაში“ ამ ეტაპზე უცხოურ ბაზრებზე გასვლას არ გეგმავენ. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მცირე წარმადობისა და არსებული გამოწვევების გამო, მთავარი აქცენტი ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების გაძლიერებაზეა.

„შეიძლება მომავალში ექსპორტიც განვიხილოთ, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი განვითარების გეგმაში ეს მიმართულება არ შედის. გვინდა, ადგილობრივ ბაზარზე შევცვალოთ იმპორტირებული ხორცპროდუქტების გარკვეული ნაწილი და კონკურენცია გავუწიოთ“, - განაცხადა მარიამ ლებანიძემ.

ლორის მწარმოებელი ქართული კომპანია „ლორუკა“ რამდენიმე წლის წინ 20 ათას ლარიანი ინვესტიციით დაფუძნდა და მომხმარებლებს 4 სახეობის პროდუქციის შეძენას ონლაინ, მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები