მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LPG საწვავის იმპორტი 88%-ით გაიზარდა - მიზეზი

6442e32fb811e
ალა ისპირიანი
21.04.23 23:30
963
საქართველოში გათხევადებული აირების იმპორტი გაიზარდა. წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 11 ათას 600 ტონა LPG საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც 5,4 ათასი ტონით ანუ 87,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში LPG-ის იმპორტის 99,7% რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.

"თხევადი გაზის ასოციაციის" ხელმძღვანელის ნიკა ხოფერიას თქმით, იმპორტის ზრდის მიზეზი მოხმარების ზრდა არ ყოფილა. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განმარტა, გასულ წელს გზაზე პრობლემების გამო, იმაზე ნაკლები იმპორტი განხორციელდა ვიდრე მოლოდინი იყო, შესაბამისად მიმდინარე წელს ზრდა დაფიქსირდა.

„2023 წელს მოხმარება არ გაზრდილა. 2022 წელს იყო დეფიციტი და ვინაიდან ჩვენ მთლიანად რუსეთის ფედერაციაზე ვართ მიბმული და შესაბამისად ტრანსპორტირება ლარსის საბაჟო პუნქტის მეშვეობით ხდება, 2022 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით რუსეთის ფედერაციასთან დამაკავშირებელ გზაზე დიდი პრობლემები იყო - დიდთოვლობა, გზის ჩანგრევა და ა.შ და შესაბამისად იმის 50% შემოვიდა, რაც უნდა შემოსულიყო საქართველოში. ზრდა იმით არის განპირობებული, რომ წინა წლის ანალოგიურ კვარტალს ვადარებთ“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება საიმპორტო ბაზრებს, იგი ამბობს, რომ მთავარი მომწოდებელი რუსეთია და ამ ეტაპზე სხვა ბაზრები არ განიხილება.

"სამწუხაროდ ამ ეტაპზე ერთადერთი ბაზარი არის რუსეთი საიდანაც LPG საწვავი შეიძლება შემოვიტანოთ. სხვა ალტერნატივა არის, მაგრამ საქართველოს ბაზარი იმდენად მცირეა, რომ მაგალითად ზღვით შემოტანა ძვირი ჯდება", - განაცხადა ნიკა ხოფერიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები