15 წლის იუბილეს აღნიშვნის პარალელურად, „ლუკა პოლარე“ საქართველოს ფარგლებს გაცდა და ბაქოში წარმოება და პირველი ფილიალი გახსნა. ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბრენდის განვითარებისთვის კომპანიამ 250 000 დოლარის ინვესტიცია ჩადო.
კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი აღნიშნავს, რომ ბაქოს ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე „ლუკა პოლარეს“ პირველი ფილიალის გახსნაზე კომპანია 2023 წლის დასაწყისიდან მუშაობდა, რაც ბრენდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მისი თქმით, “ლუკა პოლარე” ბაქოს შემდეგ აღმოსავლეთ ქვეყნებში გავა ექსპორტზე.
“აზერბაიჯანის ბაზარი საკმაოდ ჰგავს საქართველოს ბაზარს, ამიტომ ძალიან საინტერესო იქ მუშაობა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ბრენდი “ლუკა პოლარე” საერთაშორისო ბრენდი გახდა, რომელიც ეტაპობრივად სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში გამოჩნდება. თუმცა, ვიდრე სხვა ქვეყნებზე გავაკეთებთ სწორებას, ჯერჯერობით გვინდა, ბაქოში მოკლე ვადაში კიდევ 3 ფილიალი გავხსნათ. უკვე დავიწყეთ ძიება ახალი ლოკაციების და ერთ-ერთი ადგილმდებარეობა უკვე შერჩეულიც გვაქვს. მომავალ წელს კი აღმოსავლეთ ქვეყნებზე გვაქვს ორიენტირი, სავარაუდოდ კიდევ ერთ ქვეყანას დავამატებთ.” ამბობს თეა თაბაგარი.
„ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-ზე მეტი სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ხუთ ქალაქში 23 ფილიალით არის წარმოდგენილი.