2016 წელს ლუდის ბიზნესი შემცირებული ბაზრით ასრულებს. სფეროს წარმომადგენლები ბოლო ორ წელიწადში ლუდის მოხმარების მკვეთრ შემცირებაზე საუბრობენ და ამ ტრენდს ლუდზე აქციზის ზრდას უკავშირებენ.
კომპანია "კასტელის" ხელმძღვანელი ლევან ზაუტაშვილი აცხადებს, რომ 2015 წელთან შედარებით 2016 წელს ლუდის ბაზრის საერთო კლებამ 8% შეადგინა. ბიზნესმენის ინფორმაციით, 2015 წელს ლუდის ბაზარი 70 მილიონი ლიტრი იყო, 2016 წელი კი სექტორმა 64 მილიონი ლიტრით დაასრულა. 2014 წელს კი, სანამ ლუდზე აქციზი გაიზრდებოდა, ლუდის ბაზარი საქართველოში 84 მილიონ ლიტრს შეადგენდა.
ლევან ზაუტაშვილის ინფორმაციით, შექმნილი მდგომარეობის გამო მომავალ წელს გაფართოების გეგმები არ აქვთ და ხარჯების მაქსიმალურ ოპტიმიზაციაზე იქნებიან ორიენტირებული. კომაპნია არ გამორიცხავს, რომ თუ გეგმები ვერ შეასრულა, სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლებაც მოუწიოს.
ბიზნესმენს 2017 წელს ლუდზე აქციზის შემცირების მოლოდინი არ აქვს და აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც აქციზის გადასახადი იზრდება თამბაქოსა და საწვავზე, გადასახადის კლება ამ მიმართულებით არ მოხდება.
ბაზრის შემცირებაზე საუბრობს კომპანია "ზედაზენის" დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელიც. მისი თქმით, 2016 წელი სექტორისთვის საკმაოდ მძიმე იყო, რადგანაც ლუდის მოხმარება ქვეყანაში დაახლოებით 8%-ით შემცირდა.
ცეზარ ჩოჩელის თქმით, მომავალ წელს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ლარის კურსზე, მოსახლეობის შემოსავლებსა და მათს მსყიდველუნარიანობაზე.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ სასურველი იქნებოდა ხელისუფლებას 2017 წელს ლუდის აქციზი გადაეხედა, თუმცა, ჩოჩელს უჭირს პროგნოზის გაკეთება, რამდენად გადადგამს მთავრობა ამ ნაბიჯს.
შეგახსენებთ, ლუდის ინდუსტრია ლუდზე აქციზის გადახედვას და განსხვავებული სისტემის შემოღებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც აქციზის დაწესება ალკოჰოლის შემცველობაზე იქნება დამოკიდებული.

























