EFES GEORGIA-ს კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ წელს კომპანიას პროდუქტზე ფასების ზრდა ინფლაციის შესაბამისად მოუწია. როგორც ხუნძაკიშვილი განმარტავს, კომპანიაში ცდილობენ, რომ ფასების მატება შიდა რესურსის ხარჯზე დააბალანსონ, რომ მოხმარება არ შემცირდეს. საკითხზე მან "საქმიან დილაში" ისაუბრა.
„2022 წელს იყო ჩვენთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ზრდის თვალსაზრისით. დაახლოებით 130 მლნ ლიტრს გადავაჭარბეთ ჯამურად ინდუსტრიამ. 2023 წელს 2-3%-იანი ზრდა გვქონდა. წელსაც, წლის ბოლოსთვის ასევე, 2-3%-იან ზრდას ველოდებით. ეს კარგი მაჩვენებელია, რადგან დასაწყისში ეკონომიკა სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ინფლაციის თვალსაზრისით. ეს აისახება ლოგისტიკაზე და ბევრ სხვა მომსახურებაზე, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა. თავის მხრივ, ფასების ზრდამ მოხმარების შემცირება გამოიწვია. 2-3%-იანი ზრდა, რაზეც ახლა ვსაუბრობ, წლის ბოლოსთვის იქნება მიღწეული და ეს არის დაახლოებით 135 მლნ ლიტრი აბსოლუტურ ციფრში. ეს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, კარგი ციფრია“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.
მისივე თქმით, ფასების მატებას რაც შეეხება, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ბრენდზე სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა, თუმცა ეს არ აჭარბებს არსებულ ინფლაციურ პროცესებს.
„თუ ინფლაცია იყო 8%, ჩვენი პროდუქციის ფასიც არ გაზრდილა ამაზე მეტად. ამას ჩვენ ვაკონტროლებდით და ვაბალანსებდით შიდა რესურსებით. ფასის გაზრდა ადვილია, თუმცა ეს იწვევს მოხმარების შემცირებას. ეს არის ბალანსის დაცვის ხელოვნება, როცა მომხმარებელს არ უნდა შესთავაზო იმდენად გაძვირებული პროდუქტი, რომ მოხმარება შემცირდეს. გაძვირებული პროდუქციის ფარგლებში მოხმარება მცირდება, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ შიდა რესურსების, შიდა რეზერვების, შიდა მარჟების შემცირების საფუძველზე ის ოპტიმალური ზრდა შევთავაზოთ, რომელიც მისაღები იქნება როგორც ეკონომიკისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. ინფლაცია თანამდევი პროცესია, ეს ხდება ყოველთვის ეკონომიკაში და ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ლუდის ფასი არ გაზრდილა იმაზე მეტად ქვეყანაში, ვიდრე არის ინფლაციის მაჩვენებელი“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.