მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლუდსახარში ვარძია“ გაფართოებას გეგმავს - ინვესტიცია $40 000

ლუდი

სამცხე-ჯავახეთში, კონკრეტულად კი ასპინძაში ქვევრის ლუდის მწარმოებელი კომპანია და სასტუმრო „ლუდსახარში ვარძია“ მიმდინარე წელს, მესხურ თემატიკაზე ეთნოგრაფიული ეზოს, გოლფის მოედნისა და სასტუმროს გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ზაზა ზედგინიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მესხური ოდა, საოჯახო სასტუმრო და ლუდის აბაზანები სტუმრებს ადგილზე განთავსებასთან ერთად ქვევრის ლუდის დეგუსტაციას, ადგილობრივი მესხური კერძების დაგემოვნებასა და ლუდის აბაზანებს სთავაზობს. საერთო ჯამში, ობიექტში 20-მდე სტუმრის მასპინძლობაა შესაძლებელი.

„სასტუმრო 4 ნომერსა და 2 ლუდის აბაზანას მოიცავს. ვფიქრობ, რომ ლუდის აბაზანების რაოდენობის ზრდა სასტუმროს ზომიდან გამომდინარე, სრულად საკმარისია და აკმაყოფილებს მოთხოვნას. შესაბამისად, აბაზანების დამატებას არ ვსაჭიროებთ. ობიექტს, ძირითადად ევროპელი ტურისტები სტუმრობენ. მათ შორის არიან ფრანგები, ჰოლანდიელები, გერმანელები და პოლონელები.

გასულ წელს, ობიექტს აუზი დავამატეთ, რომელშიც დაახლოებით 20000 დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ. მიმდინარე წელს, გაზაფხულიდან, სამცხე-ჯავახეთის თემატიკაზე ეთნოგრაფიული ეზოს მოწყობა, გოლფის მოედნის გაკეთება და სასტუმროს ტერიტორიაზე 4 ახალი ნომრის განთავსება იგეგმება. რაშიც, დაახლოებით 40000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდება,“- აცხადებს ზედგინიძე.

რაც შეეხება ნედლეულს, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ლუდს როგორც ქართული ნედლეულისგან, ასევე გერმანიიდან იმპორტირებული ნედლეულისგან ხარშავენ.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის სექტემბერში, სამცხე-ჯავახეთში, კონკრეტულად კი ასპინძაში ქვევრის ლუდის მწარმოებელმა კომპანია „ლუდსახარში ვარძიამ“ ლუდის სპა და საოჯახო სასტუმრო აამოქმედა. კომპანიის დამფუძნებლის თქმით ინვესტიციამ 50 000 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები