მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლუდზე აქციზის გადასახადის გაზრდის შემდეგ ინდუსტრიის რეალიზაცია ბოლო მონაცემებით, 15%-ით შემცირდა

5787224f2f07c
დავით ჯალაღონია
14.07.16 09:22
1414
ლუდზე აქციზის გადასახადის გაზრდის შემდეგ ინდუსტრიის რეალიზაცია ბოლო მონაცემებით, 15%-ით შემცირდა.  ბიზესის ამ სექტორის წარმომადგენლები ისევ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ მთავრობის ხელმძღვანელი მათ თხოვნას გადასახადის შემცირების შესახებ, გაითვალისწინებს.

"მე არ ვიტყოდი, რომ იმედი გადაწურული გვაქვს, რადგან ეს საკითხი ყველა დონეზე შეთანხმებული გვქონდა, ყოველ შემთხვევაში ასე გვეგონა 20 აპილამდე. 20 აპრილს შედგა ბოლო შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილესთან, რომელსაც ბიზნესომბუდსმენის მოადგილეც ესწრებოდა. მთელ ინდუსტრიას მოგვცეს პირობა, რომ ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში დადებითად გადაწყდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. კიდევ გვაქვს იმედი, საკითხი დახურული არაა და ბოლო ინსტანცია არის პრემიერ-მინისტრი. თუ პრემიერი გვეტყვის, რომ საკითხი დახურულია, მივიღებთ ჩვეულებრივად, თუმცა გვგონია, რომ ეს დახურული არ არის და ამ საკითხს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ", - განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს“ კომპანია "ნატახტარის“ კორპორატიულ საკითხთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

თავის მხრივ, კომპანია "ზედაზენის" დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი აღნიშნავს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ლუდზე აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე დადებითად მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში აისახება.

"ძალიან ცუდი გავლნა იქონია აქციზის გაზრდამ ჩვენს ინდუსტრიაზე. ქვეყანაში მოხმარება და რეალიზაცია მოხმრება დაახლოებით, 15%-ით შემცირდა. აქციზის გადასახადის 20-თეთრიანმა მატებამ რაღაც ეტაპზე შეიძლება, მცირედით საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა გამოიწვიოს, მაგრმ გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფო შემოსავლებზე უარყოფითად აისახება, რადგან რეალიზაციის მოცულობა შემცირდება, შესაბამისად, რეინვესტირებისთვის განკუთვნილი თანხები შემცირდება, რომელიც მიმართულია ისევ და ისევ განვითარებისკენ“, - განუმარტა „ბიზნესკონტრაქტს“ ცეზარ ჩოჩელმა.

ეს პრობლემა ლუდის ინდუსტრიამ ბიზნესომბუდსმენის აპარატთან არაერთხელ განიხილა, თუმცა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ ვერ შედგა.

"მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ლუდის ინდუსტრიამ ნამდვილად მოგვმართა ლუდზე აქციზის ოდენობის შემცირების საკითხზე. ბიზნესომბუდსმენის აპარატმა დასკვნა და კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც ეკონომიკური პროფილის სამინისტროებში გადავაგზავნეთ. ეს დასკვნა ორნაწილიანია: ერთი ეხება თვითონ აქციზის განაკვეთის დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან და ამ ნაწილში ერთსულოვნებაა, მეორე ნაწილი კი აქციზის განაკვეთის ოდენობას ეხება - რა დონემდე უნდა შემცირდეს აქციზი საქართველოში, რომ ეს ერთის მხრივ ინდუსტრიისთვის იყოს ხელსაყრელი და მეორეს მხრივ, ბიუჯეტისთვის ძალიან დიდი ტვირთი არ იყოს“, - განმარტა ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ზურა ძნელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლუდზე აქციზის გადასახადის სტრუქტურის შეცვლას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, თუმცა დოკუმენტში გადასახადის გაზრდაზე საუბარი არ არის. ევროპულ კანონმდებლობასთან ადაპირებისთვის კი ვადა 2017 წლის 1 სექტემბრამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები