გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლების გაფიცვა უკვე ზედიზედ მეხუთე დღეა გრძელდება. ასობით ფრენის გაუქმებამ მენეჯმენტსა და პროფკავშირებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა.
გაფიცვამ როგორც ძირითადი ავიაკომპანია, ისე Lufthansa Cargo და რეგიონული შვილობილი კომპანია Lufthansa CityLine მოიცვა. ავიაკომპანიის ჯგუფის განცხადებით, CityLine დაგეგმილზე ადრე დაიხურება და ოპერირებას შაბათს შეწყვეტს.
Lufthansa-მ ეს გადაწყვეტილება საავიაციო საწვავის მაღალი ფასებითა და პილოტებისა თუ ბორტგამცილებლების გაფიცვით გამოწვეული ფინანსური ზარალით ახსნა, რაც ავიაკომპანიას კვირების განმავლობაში პერიოდულად აფერხებდა. მიუხედავად ამისა, კომპანიას ზარალის კონკრეტული მოცულობა არ დაუსახელებია.
გერმანიის მთავარი საავიაციო ჰაბის, ფრანკფურტის აეროპორტის ოპერატორის, Fraport-ის ცნობით, პარასკევს დაგეგმილი 1 337 აფრენა-დაფრენიდან დაახლოებით 650 გაუქმდა. მიუნხენის აეროპორტის სპიკერის ინფორმაციით კი, პარასკევისთვის დაგეგმილი 915 რეისიდან გაუქმდა - 420.
პილოტების პროფკავშირმა მწვავედ გააკრიტიკა Lufthansa-ს ხარჯების შემცირების გაძლიერებული სტრატეგია და ეჭვქვეშ დააყენა CityLine-ის ნაადრევად დახურვის მიზეზები.
"დასახელებული გეოპოლიტიკური მიზეზები ჩვენთვის დამაჯერებელი არ არის, რადგან ამ მასშტაბით ბაზრიდან ტევადობას ამჟამად არცერთი კონკურენტი არ ხსნის", - განაცხადა პროფკავშირის პრეზიდენტმა ანდრეას პინეირომ. მან დასძინა, რომ მენეჯმენტი კოლექტიური შეთანხმების დღის წესრიგის გასატანად მნიშვნელოვანი საოპერაციო და ეკონომიკური ზიანის მისაღებად მზად ჩანს.
შრომითი დავის მთავარი საგანია Lufthansa-ს და სატვირთო ავიაციის პილოტების მოთხოვნა დამსაქმებლის მხრიდან საპენსიო შენატანების გაზრდის თაობაზე, მაშინ როცა CityLine-ში მოლაპარაკებები ხელფასების მატებაზე იყო ფოკუსირებული.




























