მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლუის ენრიკე - მეორე მწვრთნელი, რომელმაც ტრებლი სხვადასხვა გუნდებით მოიგო

ლუის ენრიკეს ტრებლი

ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შემდეგ, “პსჟ”-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისტორია დაწერა - ის გახდა მეორე მწვრთნელი, რომელმაც ორი სხვადასხვა კლუბით ტრებლი მოიგო. 2024/2025 წლების სეზონში, ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, “პსჟ”-მ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე, დიდი უპირატესობით დაასრულა ლიგა 1-ის სეზონი და ასევე დაისაკუთრა საფრანგეთის თასი.

ზუსტად ათი წლით ადრე, ენრიკემ იგივე წარმატებას მიაღწია “ბარსელონასთან” ერთად 2014/2015 წლების სეზონში, როდესაც კატალონიურმა კლუბმაც ტრებლი შეასრულა.

ენრიკემდე მსგავსი მიღწევა მხოლოდ ერთ მწვრთნელს ჰქონდა - ასევე ესპანელს, პეპ გვარდიოლას. გვარდიოლამ სამი მთავარი ტიტული მოიგო “ბარსელონასთან” ერთად 2009 წელს და იგივე წარმატება “მანჩესტერ სიტის” სათავეში 2022/2023 წლების სეზონში გაიმეორა.

„ინტერთან“ მატჩის შემდეგ გახარებულმა 55 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ემოციები მედიას გაუზიარა:

“ისტორია დავწერეთ. სეზონის დასაწყისიდან მიზანი ტიტულების მოგება იყო, ახლა კი დიდი ზეიმის მოწყობისა და მომენტით ტკბობის დრო დადგა. ვცდილობდი, არ მომექცია წნეხში კლუბი, რომელსაც ეს ტურნირი არასდროს ჰქონდა მოგებული. მუდმივად ვგრძნობდი კავშირს მოთამაშეებსა და გულშემატკივრებთან, ამ განსაკუთრებული სეზონის დასასრული კი ფანტასტიკური გამოვიდა. ამ სეზონში როგორც თითოეულმა ფეხბურთელმა, ისე მთლიანად გუნდმა შეძლო თავისი შესაძლებლობების გაუმჯობესება. ჩვენ ეს დავიმსახურეთ. წარმოუდგენელია ასეთი ფინალის ჩატარება. ვფიქრობ, სტრესსა და დაძაბულობას ბრწყინვალედ გავუმკლავდით. „ინტერი“ დიდებული გუნდია, მაგრამ მუდმივი ინტენსიური პრესინგით ვაჯობეთ. ძალიან ბედნიდერი ვარ. ბოლოს ძალიან ემოციური იყო, როდესაც გულშემატკივრებმა ჩემს ოჯახს ბანერი მიუძღვნეს. ჩემს გარდაცვლილ გოგონაზე ყოველდღე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, ვიგებ თუ ვაგებ. ის აქ არის (ხელს გულზე იდებს)” - განაცხადა ლუის ენრიკემ.

ცნობისთვის, ლუის ენრიკეს 2019 წელს ქალიშვილი ჩანა 9 წლის ასაკში ძვლის სიმსივნით გარდაიცვალა. პარიზელმა ქომაგებმა კი სპეციალური ბანერი გამოფინეს, სადაც ესპანელი სპეციალისტი თავის ქალიშვილთან ერთად იყო გამოსახული. თავად ენრიკემაც გამარჯვება სწორედ გარდაცვლილ ჩანას მიუძღვნა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს დამრიგებლობით „პსჟ“ აგვისტოში UEFA-ს სუპერთასის მატჩს ევროპა ლიგის გამარჯვებულის, „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 13 აგვისტოს იტალიის ქალაქ უდინეში არსებულ „ფრიულის“ სტადიონზე შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები