NBA-ის სლოვენიელი სუპერვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი, რომელიც უკვე მრავალი წელია უმაღლესი დონის კალათბურთს თამაშობს, მაღალი ალბათობით NBA-ის ისტორიაში ყველაზე მაღალ შემოსავლიანი მოთამაშე გახდება.
ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით “დალას მავერიქსი” დონჩიჩს ახალ, სუპერ მაქსიმალურ ხელშეკრულებას 2025 წელს გაუფორმებს, რომელიც 5 წლიანი იქნება და ამ დროის განმავლობაში სლოვენიელი 346 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც ლიგის აბსოლუტური რეკორდია.
დონჩიჩმა მიმდინარე სეზონში 65 მატჩი უკვე ჩაატარა, რაც მას სიმბოლურ ხუთეულში მოხვედრისა და MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას აძლევს. სიმბოლურ ხუთეულში მოხვედრა კი კლუბის ხელმძღვანელებს ასოციაციაში არსებული წესის მიხედვით სუპერ მაქსიმალური კონტრაქტის გაფორმების საშუალებას აძლევს.
ჯერჯერობით დონჩიჩის წლიური ანაზღაურება 40 მილიონ დოლარს შეადგენს, ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კი მისი შემოსავალი სეზონში 70 მილიონ დოლარამდე ავა ($190 ათასი დღეში), რაც პირველი შემთხვევა იქნება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში.
ამჟამად, მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში ყველაზე დიდი კონტრაქტი “ბოსტონ სელტიქსის” ჯეილენ ბრაუნს აქვს, რომელმაც ხელშეკრულება 2023 წელს 2028 წლამდე გაახანგრძლივა და ამ დროის განმავლობაში 304 მილიონ დოლარს მიიღებს.