“ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი იმ ინვესტორთა ჯგუფის წევრია, რომელსაც ყოფილი “დალას მავერიქსის“ გენერალური მენეჯერი დონი ნელსონი ხელმძღვანელობს და რომელიც NBA ევროპის პროექტის ფარგლებში რომში გუნდის შექმნას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic ავრცელებს.
63 წლის ნელსონს, ლეგენდარული NBA მწვრთნელისა და მენეჯერის, დონ ნელსონის შვილს, წინასწარი შეთანხმება აქვს ჩრდილოეთ იტალიური საკალათბურთო კლუბის Vanoli Basket Cremona-ს შეძენაზე. ეს ნაბიჯი შესაძლოა გახდეს საფუძველი უფრო მასშტაბური გეგმისთვის, რომელიც NBA-ის კომისრის, ადამ სილვერის, ახალ ევროპულ ლიგაში გუნდის ჩართვას ისახავს მიზნად.
Vanoli Basket ფლობს ლიცენზიას იტალიის უმაღლეს ლიგაში — Liga Basket Serie A-ში — და NBA ევროპის გუნდებს სავალდებულოდ მოუწევთ მონაწილეობა საკუთარ ეროვნულ ჩემპიონატებშიც. რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, კლუბის შეძენა სწორედ ამ ლიცენზიის გამო ხდება.
ლიცენზიის მიღების შემდეგ, ნელსონი, დონჩიჩი და მათი პარტნიორები გეგმავენ ფაქტობრივად ახალი ფრენჩაიზის შექმნას რომში, რომელიც კრემონადან დაახლოებით 530 კილომეტრითაა დაშორებული. იტალიის სერია A-ს წესების მიხედვით, კლუბს სახელის შეცვლისთვის მინიმუმ ორი წელი უნდა დაელოდოს, სხვა მოთხოვნებთან ერთად, - ამბობს ერთ-ერთი იტალიელი კალათბურთის წყარო.
ადამ სილვერმა NBA ევროპის შესაძლო ქალაქებად დაასახელა რომი და მილანი იტალიაში; ლონდონი და მანჩესტერი დიდ ბრიტანეთში; პარიზი და ლიონი საფრანგეთში; მადრიდი და ბარსელონა ესპანეთში; ბერლინი და მიუნხენი გერმანიაში; ასევე ათენი და სტამბოლი. ლიგის დაწყება 2027 წლის სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.
NBA ევროპის ლიცენზიების ღირებულება, სავარაუდოდ, ძალიან მაღალი იქნება — The Athletic ადრე წერდა, რომ ლონდონში გუნდის შესაქმნელად სილვერი $1 მილიარდზე მეტს ითხოვს. რომი კი დიდი და ჯერ სრულად აუთვისებელი ბაზარია, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ნელსონსა და დონჩიჩს ფინანსურად ძლიერი პარტნიორები ჰყავთ. ამჟამად რომს უმაღლესი დივიზიონის კალათბურთის გუნდი არ ჰყავს.
NBA ევროპის 12 ლიცენზირებული გუნდის გარდა, ყოველწლიურად ოთხი დამატებითი ადგილი იქნება ხელმისაწვდომი ევროპული კლუბებისთვის საკვალიფიკაციო გზით. მიუხედავად იმისა, რომ წესები ჯერ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ერთ ადგილს მიიღებს FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ხოლო დანარჩენი სამი ადგილი სპეციალური საკვალიფიკაციო ტურნირის გზით განაწილდება. თუ NBA ევროპა რეალურად განხორციელდება, ეს საკვალიფიკაციო შეჯიბრებები 2027 წლის ივნისში გაიმართება.




























