კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ ქვეყნის შიგნით ბიზნესის განვითარებას განაგრძობს. კომპანიამ 20 აპრილს, ბათუმის „გრანდ მოლში“ ლუკა პოლარეს კიდევ ერთი, რიგით მე-6 ფილიალი გახსნა.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი ფილიალისთვის დამატებით ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდნენ, ინვესტიცია კი 120 000 ლარია. მოლში განთავსებული ფილიალი სტუმრებს ნაყინის, ცხელი და ცივი სასმელების და ლანჩის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს.
“სეზონის კარგი ამბებით დაწყება უკვე ტრადიციად გვექცა და ამჯერად შავი ზღვის სანაპიროთი ვიწყებთ და ბათუმში ახალი ფილიალი გავხსენით.
ფილიალი „გრანდ მოლის“ მე-4 სართულზე მდებარეობს, ფილიალი სრული ფორმატის კაფეა და ჩვენს სტუმრებს სრული ასორტიმენტით ვმასპინძლობთ.“ - აღნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფართოების გეგმა ქვეყნის შიგნით და გარეთ მასშტაბურია და წლის განმავლობაში ახალი ფილიალები, როგორც საქართველოს ქალაქებში, ასევე აზერბაიჯანში დაემატება.
"ლუკა პოლარე" კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზეა და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში 16 ფილიალით, ბათუმში - 6, ქობულეთში - 1, ქუთაისში - 1 და რუსთავში - 1, აზერბაიჯანში, ბაქოში - 2 ფილიალით.