მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

LULULEMON-ის აქციების ფასი ერთ დღეში 20%-ით შემცირდა

Lulu Lemon

სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ამერიკული კომპანია LULULEMON-ი დიდი განსაცდელის წინაშე დგას. გასული კვირის მიწურულს კომპანიამ კვარტალური შედეგები და სამომავლო პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლითაც ინვესტორები იმდენად უკმაყოფილო აღმოჩნდნენ, რომ კომპანიის აქციების ფასი ერთ დღეში თითქმის 20%-ით შემცირდა, რაც კომპანიის ისტორიაში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია.

აქციების კლება პირდაპირ უკავშირდება განცხადებას, რომლის თანახმად, LULULEMON-ის ინვესტორები წელს პროგნოზირებულზე გაცილებით ნაკლებ მოგებას მიიღებენ.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ფინანსური პროგნოზის უარყოფითი მიმართულებით გადახედვა დაკავშირებულია, როგორც გლობალურ ეკონომიკურ გაურკვევლობასთან, ასევე ამერიკაში მაღაზიების ვიზიტების შემცირებასთან და გაძლიერებულ კონკურენციასთან, მათ შორის შედარებით ახალ ბრენდებთან. თუმცა მთავარი მიზეზი, ყველა ვარიანტში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაჩაღებული ე.წ. “სავაჭრო ომია”, რომლის გამო ქვეყანაში ტარიფები გაიზარდა, რაც LULULEMON-ისთვის ხარჯების მკვეთრად გაძვირების ტოლფასია.

ტარიფებთან გასამკლავებლად, კომპანია ფასების ზომიერ ზრდას აანონსებს, მათ შორის იოგის შარვლებზე, სპორტულ ფეხსაცმელზე და შორტებზე. LULULEMON-ის განცხადებით, ფასები მხოლოდ პროდუქციის მცირე ნაწილზე გაძვირდება, მაგრამ ეს პროცესიც ფრთხილად და ზომიერად მოხდება, რათა კომპანიამ ლოიალური მომხმარებლები არ დაკარგოს. ამ მხრივ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კონკურენცია, რომელსაც LULULEMON-ი ისეთი ახალბედა ბრენდებისგან განიცდის, როგორიცაა Vuori, Alo Yoga, On-ი და Old Navy. დღეს, სწორედ ეს კომპანიები იპყრობენ იმ სეგმენტს, რომელიც ადრე Lululemon-ის ერთგული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები