ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის.
ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია იტყობინება, რომელიც ITB Berlin-ში მონაწილეობს.
ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.
„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით“, - აცხადებს ტომ შტაიხენი.
მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.
„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ“, - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.
ცნობისთვის, ITB Berlin 2026-ზე, რომელიც 3 მარტს დაიწყო და დღეს სრულდება, 15-მდე ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. მათ შორისაა “კავკასუს თრეველი”, Georgian Bus-ი, „ომნეს ტური“ და სხვა.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშაონ.




























