მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლურჯი მოცვის ბიზნესი საქართველოში, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული აგრომიმართულება ხდება

606e9ec369fd1
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.21 10:29
4726
ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს მოცვის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პანდემიის მიუხედავად საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეალიზებული 667.7 ტონა ახალი შტოშის, მოცვის და Vaccinium გვარის სხვა კენკრის ღირებულებამ 3.8 მლნ დოლარი შეადგინა. შედეგად გასულ წელს მოცვის რეალიზაციით საქართველომ 288.7%-ით მეტი შემოსავალი მიიღო.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად ქვეყანაში მოცვის პლანტაციების მოშენებისა და მისი ქვეყნის საზღვრებს მიღმა რეალიზაციის კულტურაც გაიზარდა. თუმცა საინტერესოა როგორია მოთხოვნა ლურჯი მოცვის საერთაშორისო ბაზარზე, რა სირთულეებს აწყდებიან კომპანიები ოპერირებისას და სად გადის დღეს საქართველოში მოყვანილი კენკროვანი კულტურა. ამ კითხვებზე პასუხები BM.GE-მ ლურჯი მოცვის პლანტაციების მოშენებით დაინტერესებული კომპანიების „აგრო ველისა“ და „ჯორჯიან ბლუბერის“ ხელმძღვანელებისგან მოისმინა.

მიმდინარე წელს კომპანია „აგრო ველიმ“ ხონის მუნიციპალიტეტ სოფელ გოჩა-ჯიხაიშში 40 ჰა-ზე მოცვის პლანტაციების გაშენება დაიწყო. როგორ მისი დამფუძნებელი ირაკლი ფირცხალაიშვილი ამბობს, ბაღების გაშენების საინვესტიციო ღირებულება 4 მლნ ლარამდეა და ის 3 ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპზე 17 ჰა-ზე პლანტაციის გაშენება უკვე დაწყებულია, მეორე ეტაპზე ლურჯი მოცვი 15 ჰა-ზე ნოემბერში გაშენდება, მესამე ეტაპი კი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. „აგრო ველის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ 2 წლის შემდეგ კომპანია სამაცივრე-გადამამუშავებელ მეურნეობასაც აამოქმედებს, რომლის ინვესტიცია ასევე 4 მლნ ლარამდე იქნება.

კითხვაზე - რატომ გადაწყვიტეს ამ მიმართულებით ინვესტირება, ირაკლი ფირცხალაიშვილი ასე პასუხობს: „მსოფლიო ბაზარზე მოცვზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მას მიწოდება ვერ პასუხობს. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული ბაზარი და მოცვის პლანტაციებში ინვესტირება გადავწყვიტეთ. ბაღების გაშენების შემდეგ დაახლოებით 400 ტონა მოსავალს ველით, რომლის ექსპორტირებას ევროპის ქვეყნებთან ერთად არაბულ ქვეყნებშიც ვგეგმავთ“, - ამბობს ირაკლი ფირცხალაიშვილი.

საქმის წამოწყებისას ყველაზე დიდ სირთულედ ინვესტორი აგრო-მიმართულებით კომპეტენტური კადრების დეფიციტს ასახელებს და მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს პრობლემა გადაწყვეტილი აქვს, ამბობს რომ დარგში ეს საკითხი მოსაგვარებელია.

„ჩვენს სფეროში კომპეტენტური კადრების ნაკლებობაა. ადამიანების, რომლებსაც აგრონომიული მიმართულებით გარკვეული ცოდნა და გამოცდილება აქვს, მონახვა ძალიან რთულია, მაშინ როდესაც კომპეტენტური რჩევების მიღება და მეურნეობის წარმოებისას გათვალისწინება უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ პრობლემას ვუმკლავდებით, რადგან გაგვიმართლა. დღეს სფეროში არსებულ აგრონომებზე იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ მათ ფიზიკურად დრო აღარ რჩებათ არსებულ მოთხოვნას უპასუხონ. ამიტომ საქმეში ამ კუთხით ახალგაზრდების ჩართვა და მათთან ერთად ამ მიმართულებით ერთად გაზრდა გადავწყვიტეთ“, - განმარტავს „აგრო ველის“ დამფუძნებელი.

ლურჯი მოცვის მოყვანით დაინტერესებული კიდევ ერთი კომპანია „ჯორჯიან ბლუბერი“ წლის ბოლომდე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ მოცვის პლანტაციას 14 ჰა-ზე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში გააშენებს, რისთვისაც ჯამში 1.1 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს.

„დღეს მოცვის ღირებულება საერთაშორისო ბაზრებზე დაახლოებით 4-დან 7 ევრომდეა, ინტერესი და მოთხოვნა კი ამ კულტურაზე წლიდან წლამდე იზრდება. პლანტაციების გაშენების შემდეგ მესამე-მეოთხე წელს ვფიქრობთ, რომ პოლონეთში 0.5 მლნ ევროს ღირებულების 114 ტონამდე მოცვის ექსპორტს განვახორციელებთ, თუმცა შემდგომში შევხედავთ კიდევ რომელ ქვეყნებში იქნება მოთხოვნა“, - ამბობს „ჯორჯიან ბლუბერის“ დირექტორი სულეიმან ჩიხლაძე.

დღეისთვის აღნიშნული კომპანია 10 ადამიანს ასაქმებს, ხოლო სეზონზე კრეფის პროცესში დასაქმებულთა რიცხვი 300-ს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ განვითარების შემდგომ ეტაპზე „ჯორჯიან ბლუბერი“ და „აგრო ველი“ ერთობლივი ძალებით კოოპერატივის შექმნასაც გეგმავენ, რაც დარგში საექსპორტო ბაზრების ათვისებას გაამარტივებს.

„საერთაშორისო ბაზარზე ლურჯი მოცვის საკმაოდ მოცულობით პარტიებზეა მოთხოვნა, შესაბამისად კოოპერატივის შექმნა სარეალიზაციო ბაზრების ათვისებაში და ადგილობრივი სირთულეების გადალახვაში დაგვეხმარება“, - აღნიშნავენ ორივე კომპანიაში.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიების „აგრო ველის“ და „ჯორჯიან ბლუბერის“ ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ სოფლის მეურნეობის დარგში ბიზნესის წამოწყების დროს ძალიან მნიშვნელოვანია სანდო ფინანსურ პარტნიორთან თანამშრომლობა.

„ჩვენი რესურსით ბაღის გაშენებას მხოლოდ 10 ჰა-ზე შევძლებდით. სახელწმიფო პროგრამა „დანერგე მომავლისა“ ჩართულობითა და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ბაღის ფართობი დღეს 40 ჰა-ს შეადგენს. შესაბამისად წარმოების მოცულობაც გაიზარდა, რაც ბიზნესის შემდგომ გეგმებზეც დადებითად აისახება“, - აღნიშნავს „აგრო ველის“ დამფუძნებელი ირაკლი ფირცხალაიშვილი.
„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობამ ჩვენი გეგმების დროულ განხორციელებაში შეგვიწყო ხელი. რომ არა სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალის“ მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა და საქართველოს ბანკის თანადგომა, ჩვენი გეგმები რამოდენიმე წლით გადაიწევდა“, - ამბობს „ჯორჯიან ბლუბერის“ დირექტორი სულეიმან ჩიხლაძე და დასძენს, რომ კომპანია სამომავლოდ ბანკთან თანამშრომლობით პლანტაციების ფართობის გაორმაგებას გეგმავს, რაც მათ წარმადობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

თავად საქართველოს ბანკში კი ამბობენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით, მოცვის წარმოება რეკორდულად იზრდება. გამონაკლისი არც საქართველოა და სასიხარულოა, რომ სწორედ ბანკთან პარტნიორობით, დასავლეთ საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი მოცვის პლანტაციები გაშენდება. „ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება. შედეგად, „აგრო ველი“ და „ჯორჯიან ბლუბერი“ საქმიანობას ავითარებენ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორებს. საქართველოს ბანკი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას მომავალშიც კვლავ აქტიურად გააგრძელებს“.

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: რუსეთი (3.5 მლნ დოლარი); სომხეთი (78.2 ათასი დოლარი); არაბთა გაერთიანებული საამიროები (57.5 ათასი დოლარი); პოლონეთი (54,0 ათასი დოლარი); უკრაინა (23.1 ათასი დოლარი) და ყატარი (16.8 ათასი დოლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები