ავტორი: სალომე ზაალიშვილი
საფრანგეთის აუდიტორთა პალატის მიერ გამოქვეყნებული უაღრესად კრიტიკულ აუდიტში გამოიკვეთა ლუვრის მუზეუმში არსებული რიგი პრობლემები, რამაც აშკარა გახადა, რომ ქურდობას, რომელიც არა კრიმინალური დაჯგუფების არამედ წვრილმანი ქურდების მიერ იქნა ჩადენილი, ხელი გასული წლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა პოლიტიკამ შეუწყო. აუდიტში უსაფრთხოების სისტემის და მუზეუმის ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობაზეა საუბარი.
“საიმპერატორო სამკაულების ქურდობა უდავოდ განგაშის დამაყრუებელი ზარია”, - განაცხადა პიერ მოსკოვიჩიმ, აუდიტორთა პალატის პრეზიდენტმა.
გასათვალისწინებელია, რომ მდგომარეობას ლუვრის კრიზისის პარალელურად საფრანგეთში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა აუარესებს. 2026 წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად განხილვები უკვე არა ერთი დღეა მიმდინარეობს, თუმცა პროგნოზები არაოპტიმისტურია, იმის გათვალისწინებით, რომ მემარცხენეთა მიერ შეთავაზებული “მდიდართა გადასახადი”, რომელიც ბიუჯეტს წლიურად 15-20 მილიარდ ევროს შემატებდა უარყოფილი იქნა.
ლუვრის განახლების პროექტი - “Louvre - nouvelle renascence”
ლუვრის თანამშრომლები გასულ წელს გაიფიცნენ - მიზეზი ვიზიტორების უკონტროლებელი რაოდენობის გამო შექმნილი რთული სამუშაო პირობები გახდა. ასევე გასულ წელს ლუვრის დირექტორმა კონფიდენციალური წერილში საფრანგეთის კულტურის მინისტრს შეატყობინა, რომ შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე დარბაზებში ტემპერატურის უკონტროლო ცვლილება და ნესტის საშიშროება არსებობდა, რაც მუზეუმის ექსპონატების დაზიანების რეალურ რისკს ქმნიდა. წერილის გასაჯაროებამ დიდი აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია მოსახლეობაში.
სწორედ არსებული პრობლემების გადასაჭრელად მაკრონმა 2025 წლის იანვარში წარადგინა რეაბილიტაციის გეგმა - “Louvre - nouvelle renascence”, რომლის ბიუჯეტი მაკრონის თქმით 700-დან 800 მილიონ ევრომდე იქნებოდა და მოიცავდა ლუვრის ახალი შესასვლელის და მონა ლიზას დარბაზის აშენებას, შენობის სარემონტო სამუშაოებს და ინფრასტრუქტურულ განახლებას.
მაკრონის თქმით პროექტი მუზეუმის შემოსავლით, მათ შორის აბუდაბისთვის ლუვრის სახელის ლიცენზირების სანაცვლოდ მიღებული თანხით, და დონაციებით დაფინანსდებოდა, პროექტი გეგმით 2031 წლისთვის დასრულდებოდა.
გეგმის წარდგენისთანავე მაკრონი საფრანგეთის ხელისუფლების წევრებმა გააკრიტიკეს - “ეს მაკრონის სფერო არც არის, იგი იაფი გზით პოპულარობის ყიდვას ცდილობს.” ბევრმა ნოტრ დამის რეაბილიტაციის პროექტი გაიხსენა, როგორც მაკრონის მხრიდან მხარდამჭერების მოზიდვის წარმატებული კამპანია.
აუდიტის დასკვნა
აუდიტის თანახმად, ლუვრს არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა ფინანსური პრობლემებიც აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მუზეუმის შემოსავალი 50%-ით გაიზარდა.
აუდიტის თანახმად, 2018-დან 2024 წლამდე ინფრასტრუქტურული განახლების გეგმას 83 მილიონ ევროიანი ბიუჯეტის მხოლოდ 4% - 3 მილიონი ევრო მოხმარდა.
მუზეუმისთვის პრიორიტეტი ახალი ექსპონატების შეძენა, დროებითი გამოფენების მოწყობა და ინტერიერის ცვლილებებია, და არა მასშტაბური სამუშაოები, როგორიცაა უსაფრთხოების სისტემის მოდერნიზაცია, შენობის გამაგრებითი და სარესტავრაციო სამუშაოები.
2018 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში 2754 ხელოვნების ნიმუშის შეძენისთვის 105.4 მილიონი ევრო, ხოლო შენობის სარემონტოდ და სარესტავრაციოდ ჯამში მხოლოდ 96.2 მილიონი ევრო. 22 000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე დამატებითი საგამოფენო სივრცის პროექტი კი, არსებული საგამოფენო სივრცის სპეციფიკის, ვიზიტორთა გადაადგილების ტენდენციების და ყოველგვარი წინასწარი კვლევის გარეშე დამტკიცდა.
პროექტი, რომელსაც სახელი Louvre grande colonnade შეერჩა დიდი ალბათობით, ჩასატარებელი სამუშაოს კომპლექსურობიდან გამომდინარე, წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტს გადააჭარბებს. მხოლოდ მშენებლობის ბიუჯეტი თავდაპირველად 450 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა მიმდინარე წლის ივნისში 667 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
აუდიტის თანახმად ლუვრში დაგეგმილი სამუშაოების რეალური ღირებულება 1.15 მილიარდი ევროა, რაც პრეზიდენტის სასახლის მიერ გამოქვეყნებულ რიცხვზე 300 მილიონი ევროთი მეტია. ანგარიში ამასთან ერთად პროექტის დაფინანსების გზებსაც აკრიტიკებს, თუ საიდან აკუმულირდება სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხა “სუსტ ჰიპოთეზებზეა დაფუძნებული”, არსებობს რეალური რისკი, რომ ამ თანხის გადახდა ისევ სახელმწიფოს ვალდებულება გახდეს.




























