საფრანგეთის ლუვრის მუზეუმს უსაფრთხოების სისტემის სრულად განახლებისთვის რამდენიმე წელი დასჭირდება. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფოს აუდიტორის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
დოკუმენტის მიხედვით, მუზეუმში უსაფრთხოების აუდიტი ჯერ კიდევ ათი წლის წინ დაიწყო, თუმცა რეკომენდებული ცვლილებებთან სრული შესაბამისობა 2032 წლამდე არ არის მოსალოდნელი.
აუდიტის ანგარიში მომზადდა ლუვრის ძარცვამდე, თუმცა მასში აღნიშნულია, რომ 2024 წლის მონაცემებით, მუზეუმის დარბაზების მხოლოდ 39%-ია აღჭურვილი სათვალთვალო კამერებით.
„პროექტის დასრულებას წლები დასჭირდება. მუზეუმის ადმინისტრაციის განცხადებით, სრული განახლება 2032 წლამდე არ იგეგმება,“ – ნათქვამია ანგარიშში.
აუდიტის მიხედვით, ლუვრი უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მიზეზებად დასახელებულია ინფრასტრუქტურული განახლების ფინანსური შეზღუდვები, პოსტპანდემიური პროექტების დაგვიანება, ასევე ბილეთებთან დაკავშირებული თაღლითობა და პერსონალის დეფიციტი.
ანგარიშში მითითებულია, რომ მუზეუმის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება ხელოვნების ნიმუშების შესაძენად, რომელთა მხოლოდ მეოთხედია გამოფენაზე წარმოდგენილი.
დოკუმენტი შეიცავს 10 რეკომენდაციას, მათ შორისაა ახალი ექსპონატების შეძენის შემცირება, ბილეთების ფასების კორექტირება, ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება და მენეჯმენტის სისტემის რეფორმა.
ლუვრის უსაფრთხოების საკითხმა განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ოქტომბერში მუზეუმში მომხდარი ძარცვისას 88 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. ოფიციალური პირების განცხადებით, უსაფრთხოების ზომები მაშინ სათანადოდ დაცული არ ყოფილა.
ამჟამად ძარცვისთვის ბრალი ოთხ ეჭვმიტანილს წარედგინა, თუმცა მოპარული ძვირფასეულობა ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.




























