მომიტინგეებმა პარიზში მინით დაცულ მონა ლიზას ნახატს წვნიანი შეასხეს.
ლეონარდო და ვინჩის მე-16 საუკუნის ნახატი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია და პარიზის ლუვრში ინახება.
ინციდენტი ლუვრში ცოტა ხნის წინ მოხდა. პროტესტი ამ ფორმით ორმა ქალმა გამოხატა, რომლებიც „ჯანსაღი და მდგრადი საკვების“ უფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ „სოფლის მეურნეობის სისტემა დაავადებულია“.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საფრანგეთში ფერმერთა საპროტესტო გამოსვლები იმართება, სადაც აქციის მონაწილეები საწვავზე სუბსიდირების შემცირებას აპროტესტებენ.
გამოცემის ცნობით, ეს, არ არის მონა ლიზაზე ,,საკვებით თავდასხმის" პირველი შემთხვევა. 2022 წელს აქტივისტმა ნახატს ნამცხვარი ესროლა და ხალხს მოუწოდა „დედამიწაზე ეფიქრათ“.