დეველოპერული კომპანია m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და საქმიანობას განახლებული სტრატეგიული ხედვით, გრძელვადიანი ზრდის გეგმებითა და ბაზარზე პოზიციების შემდგომი გაძლიერების მიზნით განაგრძობს.
2026 წლის 5 ივნისს დასრულებული ტრანზაქციის შედეგად, კომპანიის მფლობელები ლაშა კვაჭაძე და დიმიტრი ადამია გახდნენ. ისინი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, კომპანიის ლიდერული პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებაზე იქნებიან ორიენტირებულები.
ლაშა კვაჭაძე “ბლოქსთოუნ კაპიტალის” დამფუძნებელია. „ბლოქსთოუნ კაპიტალი“ წარმოადგენს მრავალპროფილურ საინვესტიციო ჯგუფს, რომლის ინტერესებიც მოიცავს სამშენებლო და დეველოპერულ მიმართულებებს, ენერგეტიკას, ციფრულ პლატფორმებსა და სხვადასხვა სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებს.
„საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტი მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება ადგილობრივი კაპიტალის მონაწილეობით. m² ერთ-ერთი ძლიერი და სანდო ბრენდია საქართველოს უძრავი ქონების სექტორში და მოხარულები ვართ, რომ ინვესტიციას ვდებთ მისი განვითარების ახალ ეტაპში. ჩვენი მიზანია, კომპანიას შევუქმნათ დამატებითი შესაძლებლობები ზრდისთვის, ახალი პროექტებისა და ინოვაციების განხორციელებისთვის. მადლობას ვუხდი ჩემს პარტნიორებსა და გუნდს ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით დასრულებისთვის“, - აცხადებს ლაშა კვაჭაძე.
m²-ის გენერალური დირექტორის პოზიციას დიმიტრი ადამია დაიკავებს.
„m² საქართველოს დეველოპერული სექტორის ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა. მისი მთავარი ძალა მრავალწლიანი გამოცდილება და მომხმარებლების ნდობაა. ჩვენი ამოცანაა იმ სტანდარტებისა და ხარისხის კიდევ უფრო გაძლიერება, რომლებმაც m² ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად აქცია. მისი განვითარების ახალი ეტაპი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, შეიქმნას დამატებითი ღირებულება, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე საქართველოს ეკონომიკისთვის.” - აცხადებს m²-ის გენერალური დირექტორი, დიმიტრი ადამია.
m² წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უძრავი ქონების სექტორის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერულ კომპანიად და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის თანამედროვე ურბანული განვითარების პროცესში.
კომპანია საქმიანობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს და განვითარების ახალი ეტაპის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას გააცნობს სამომავლო განვითარების ხედვასა და დაგეგმილ პროექტებს. ახალი ეტაპი მიმართული იქნება კომპანიის ზრდის, ახალი პროექტების განვითარებისა და საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მისი პოზიციების გაძლიერებისკენ.



























