საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ვიცე პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი "ოქროს სიაში" იმ ბიზნეს კომპანიების შეყვანის საკითხს აყენებს, ვინც ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე წელია შემოვიდა და ვის მიმართაც გარკვეული სახის ნდობა უკვე არსებობს.
როგორც პაპაშვილმა განაცხადა, "ოქროს სიის" წევრი კომპანიებისთვის შეღავათები კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ პირიქით - ამ სიის გაფართოება უნდა მოხდეს.
„პესიმისტურად ვარ განწყობილი. როგორც ხედავთ, ჯერჯერობით, ფინანსთა მინისტრი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, თუმცა ჩემი პირადი რეკომენდაცია იყო, რომ „ოქროს სიის“ გაუქმება და შემცირება კი არა, პირიქით - გადიდება მოხდეს. ბიზნესის მთელი სპექტრი - 75 კომპანია, ჩემი მომხრეა", - განაცხადა პაპაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვას - აღნიშნულ თემაზე რა სახის არგუმენტები იყო მთავრობის მხრიდან, პაპაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა: „არგუმენტები, უკვე თაღლითობა... მეორე პლანზეა გადასული, რომელიც მართლაც იყო ამ სექტორში... მაგრამ მთავარი იყო სამართლიანობის პრინციპი.“
ლაშა პაპაშვილის განცხადებითვე, ასოციაციამ თაღლითობის საპასუხოდ მთავრობას განუმარტა, რომ „ოქროს სიაში" იმ ბიზნეს კომპანიების შეყვანა უნდა მოხდეს, ვინც წლების განმავლობაში საგადასახადო სისტემასთან საკუთარ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ.
„თაღლითობის საპასუხოდ გვქონდა ნათქვამი ის, რომ ორ კურდღელს დავიჭერთ "ოქროს სიაში" მხოლოდ ის ბიზნესები თუ არ შევა, რომლებიც დიდები არიან. უნდა შევიდნენ ისინი, ვინც წლების განმავლობაში საგადასახადო სისტემასთან პირნათლად მომუშავე ქართველი ბიზნესმენები არიან. ნუ შევიყვანთ მხოლოდ მსხვილებს, შევიყვანოთ ის კომპანიები, რომლებსაც 5-10-წლიანი გამოცდილება აქვთ და ამ თაღლითობასაც ავიცილებთ თავიდან", - განაცხადა პაპაშვილმა.

























