საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ქართულმა ბიზნესასოციაციებმა და ბიზნესომბუდსმენის აპარატმა “ოქროს სიის” შეღავათების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით ბიზნესის ინფორმირებისთვის არაჯეროვნი სამუშაო გასწიეს.
გადაცემა "Forbes-ის კვირაში" ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმების შესახებ ბიზნესისთვის ცნობილი ჯერ კიდევ 2017 წლიდან უნდა ყოფილიყო, როდესაც სავალუტო ფონდმა საკუთარ ანგარიშში მიუთითა, რომ მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიღებას გეგმავდა.
მაჭავარიანის თქმით, მართალია უშუალოდ ბიზნესლიდერებს სავალუტო ფონდისა და სხვა მსგავსი ფინანსური ანგარიშების კითხვა არ ევალებათ, თუმცა ბიზნესასოციაციებსა და ბიზნესომბუდსმენს შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა, რაც როგორც ფაქტი ცხადყოფს, არ მომხდარა.
2017 წელს საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ ეს ოქროს სია გაუქმდებოდა. ეს ჩანს სავალუტო ფონდის რეპორტში. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიზნესმენი ვალდებულია, წაიკითხოს სავალუტო ფონდის ანგარიშები, რეპორტები და თავის ბიზნესს ასე უყუროს, მაგრამ აქ ჩვენ გვყავს ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ბიზნესასოციაციები, არის უამრავი ექსპერტი, უამრავი არასამთავრობო, თავად ბიზნესომბუდსმენი, ძალიან ბევრი ორგანიზაცია არის, რომელიც წლის განმავლობაში უყურებს ბიუჯეტს, სადაც ჩანს ძირითადი ფისკალური პოლიტიკა და ამაზე რეაგირება მათ რასაკვირველია, უნდა ჰქონდეთ.
მე გული დამწყდა რაზე, ის რომ ის არხები, ის პლატფორმები, საიდანაც ეს დისკუსია უნდა ხდებოდეს, მათ ვერ მოახერხეს ბიზნესის ინფორმირება. იგივე ვალდებულება სხვათა შორის 2018 წელსაც გვქონდა ჩვენ ბიუჯეტში. 2018 წლის ბიუჯეტშიც იყო გათვალისწინებული ოქროს სიის გაუქმება. ეს პლატფომები და ეს არხები აბსოლუტურად ინერტული და უმოქმედო აღმოჩნდნენ. რატომ იცით? ჩვენთან როგორ არის მიჩვეული ყველა, “აი დაგვიძახებენ, ფინანსთა მინისტრს შევხდებით, დავილაპარაკებთ.” მე არ მენანება არც დრო და არც ენერგია, რომ ბიზნესს შევხვდე და შევხვდები, თუმცა ძალიან კარგი იქნება, რომ ის ინსტიტუციები, ის ადამიანები, ვინც მოწოდებული არიან რომ ცოტა მეტი იფიქრონ ეკონომიკაზე, ცოტა მეტი ყურადღებით უყურონ ამ საკითხს, მათ თავის დროზე ეთქვათ, რომ 2017-ში აპირებს მთავრობა გაუქმებას,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
აქვე მინისტრი ამბობს, რომ შესაძლოა უმჯობესი ყოფილიყო, თუკი სამინისტრო ამ შეღავათების გაუქმების შესახებ ბიზნესის ინფორმირებას ორი თვით ადრე მოახდენდა.

























