ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიმდინარე წელს დაგეგმილ 3%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თებერვლის შემდეგ ეკონომიკური სიტუაცია სტაბილურად იზრდება.
"აპრილში უდაოდ შეინიშნება გამოცოცხლება. თებერვლის შემდეგ ეკონომიკური სიტუაცია მუდმივად და სტაბილურად მზარდია და ის მაჩვენებლები, რაც ჩვენ გვაქვს იძლევა სრულ გარანტიას, რომ წელს 3%-ზე მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა, რაც უკვე დაადასტურა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და მან 3,4%-მდე გაზარდა წლიური ეკონომიკური ზრდა და რამდენადაც ვიცი დადებითი მოლოდინები აქვთ სხვა ორგანიზაციებსაც, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდს", - განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 პროცენტი, 2016 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,3 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.

























