სხვადასხვა ქვეყანაში H&M-ის მაღაზიებში ქალის სამოსი იარლიყით - MADE IN GEORGIA, მიმდინარე წლის მარტიდან იყიდება.
როგორც bm.ge-ისთან საუბრისას ქუთაისში H&M-ის ბრენდის სამოსის მწარმოებელი კომპანია „ემჯიემტექსის" დირექტორმა ელიზბარ ლომინაძემ განაცხადა, საქართველოში შეკერილი სამოსი ჯამში, უკვე 64 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
მისივე თქმით, H&M-ის ბრენდით ქალის ხაზის სამოსი MADE IN GEORGIA-ს იარლიყით ევროპის ქვეყნების გარდა, ამჟამად ამერიკაში, თურქეთსა და ავსტრალიაში გადის.
„ხარისხთან დაკავშირებით მაღალი შეფასებები გვაქვს და ამ დრომდე პრობლემა არ გვქონია,“ - ამბობს ლომინაძე.
ამასთან, როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, H&M-ის გარდა, "ემჯიემტექსი" MADE IN GEORGIA-ს ირალიყით ისეთი ბრენდებისთვის კერავს სამოსს, როგორებიცაა: NEXT, Marks and Spencer, s.Oliver და Comma.
საქართველოში შეკერილი პროდუქცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, დაახლოებით, 40-დან 60 ევრომდე ღირს.
ცნობისთვის, შპს „ემჯიემტექსი“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 720 000 ცალ ქალის ხაზის ტანსაცმელს აწარმოებს; საწარმოში 320 ადამიანია დასაქმებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი, 3 მლნ ლარს შეადგენს.
კომპანია ქართულ-რუმინული ინვესტიციით შეიქმნა. „ემჯიემტექსი“ რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი „Ottorose”-ის შვილობილი კომპანიაა.
"ემჯიემტექსი" სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი ბენეფიციარია. კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო.

























