სტადიონ “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქციის შემდეგ, მადრიდის “რეალმა” სოთბის აუქციონზე გასაყიდად ძველი გასახდელიდან ნივთები გამოიტანა, მათ შორის მოქმედი თუ წარსულში მოთამაშე ფეხბურთელების კარადები და კლუბის ლოგოს გამოსახულების მოზაიკა, რომელზედაც ფეხბურთელები მატჩზე გასვლის წინ გადიოდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2021-22 წლების სეზონში ექსტენსიური განახლებისას კლუბმა ფეხბურთელების 24 კარადა განაახლა და გასაყიდად სოთბის სააუქციონო სახლის ლონდონის ფილიალს გადასცა. მათზე დატანილია ფეხბურთელების სახელები, პოსტერები და მაისურები ჩემპიონთა ლიგის მომგები სეზონიდან. აღნიშნულ კარადებს კლუბი 2001-02 წლებიდან იყენებდა, როდესაც პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდა და ჯერ კიდევ “გალაკტიკოსის” ხანა იდგა.
იგივე ამჟამინდელი ტიბო კურტუას გასახდელი წარსულში იკერ კასილიასს ეკუთვნოდა, კარიმ ბენზემასი რონალდო ნაზარიოს, ხესუს ვალეხოსი ზინედინ ზიდანს, ფერლან მენდის დევიდ ბექჰემს და ა.შ. ერთადერთი კარადა, რომელიც კლუბმა საკუთარი მუზეუმისთვის შეინახა არის 7-ნომრიანი, რომელიც წარსულში რაულს, შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს, ხოლო უკანასკნელად ედენ აზარს ჰქონდა დაკავებული.
“ვინმე ხორვატს ლუკა მოდრიჩის კარადის შეძენა მოესურვება, ბრაზილიელს ვინისიუსის, ხოლო ფრანგს ბენზემასი, ეს კარადები “რეალ მადრიდის” ისტორიას ინახავს. ამასთან გასაყიდად გამოგვაქვს 3 მეტრი სიგანის “რეალის” ლოგოიანი მოზაიკა, რომელიც 20 წლის მანძილზე რეალის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლიკა იყო”, - განაცხადა სოთბის დირექტორმა ჯორჯ ნორთმა.
საბოლოო ჯამში, თითოეულ კარადაში “ბლანკოსი” 10-დან 15 ათას გირვანქა სტერლინგამდე, ხოლო მოზაიკიდან 12-დან 18 ათას გირვანქა სტერლინგამდე თანხის მიღებას გეგმავდა, თუმცა რეალობა გაცილებით მცირე აღმოჩნდა. კარადების ღირებულება 3000 გირვანქა სტერლინგიდან იწყებოდა, თუმცა ერთადერთი, რომელმაც წინასწარ განსაზღვრულ მოლოდინს გადააჭარბა მეათე ნომრიანი ლუკა მოდრიჩის კარადა იყო, რომელიც 19 200 გირვანქა სტერლინგი იყო, ხოლო მოზაიკის ღირებულებამ 36 ათასი გირვანქა შეადგინა.
ყველაზე ძვირად გასხვისებული სპორტული კარადა კობი ბრაიანტს ეკუთვნის, რომელიც ერთი და იგივე გასახდელს 20 წელი იყენებდა, საბოლოოდ კი, ეს უნიკალური სპორტული არტეფაქტი 2,9 მილიონ დოლარად გასხვისდა.