ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური სამხედრო დანაყოფების მიერ ვენესუელას ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრების ფონზე ოქროს ფასი ენერგეტიკულ ბირჟაზე მკვეთრად გაიზარდა. ამჟამად, ერთი უნცია ოქროს ღირებულება, საშუალოდ, $4,400 დოლარზეა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ძვირფასი მეტალის ფასი, მადუროს დაკავებამდეც საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო და რეკორდული მაჩვენებელიც დააფიქსირა, თუმცა საახალწლო პერიოდში ფასი ნაწილობრივ შემცირდა და 4,300-იან ნიშნულზე შენარჩუნდა. ვენესუელაში განხორციელებული ოპერაციის ფონზე კი ზრდამ თითქმის $100 დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ოქრო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო აქტივად ითვლება და მის შესყიდვას ინვესტორები განსაკუთრებით მაშინ იწყებენ, თუ მსოფლიოში მკვეთრი გეოპოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. შედარებისთვის, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ერთი უნცია ოქროს ღირებულება, საშუალოდ, $2,600 დოლარი იყო, თუმცა სავაჭრო ომების დაწყებამ, ირან-ისრაელის ომმა და მსოფლიოში მიმდინარე სხვა არაერთმა კონფლიქტმა, ასევე ჩინეთის მიერ წლის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს შეძენამ ოქროს ფასი წლიურ ჭრილში თითქმის 68%-ით გაზარდა.




























