კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა საია-ს საჩივარი და ტელეკომპანია ,,მაესტრო“-ს დაავალა საია-ს მომზადებული სოციალური რეკლამის ეთერში განთავსება.
საია-ს მომზადებული სოციალური რეკლამა ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. "მაესტრომ“ რეკლამის განთავსების ოფიციალურ მიზეზად "მაესტრო“-სა და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“-ს შორის „ბოლო დროს განვითარებული მოვლენები“ დაასახელა. სავარაუდოდ, "მაესტრო“ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ საია მწვავედ გამოეხმაურა "მაესტროს“ 32 თანამშრომლისათვის შრომითი ურთიერთობების დაუსაბუთებლად შეჩერების ფაქტს. საია-ს საჩივრის განხილვისას "მაესტროს“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ "მაესტრო“ უარს რეკლამის განთავსებაზე იმიტომ ამბობდა, რომ ვიდეო რგოლი არ წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას.
კომისიამ დაადგინა, რომ საია-ს მომზადებული ვიდეო რგოლი აკმაყოფილებდა სოციალური რეკლამისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს; "მაესტრომ“ დაარღვია კანონი, როდესაც უარი განაცხადა რეკლამის ეთერში განთავსებაზე და დაავალა "მაესტროს“ უზრუნველყოს რეკლამის ეთერში გაშვება. კომისიამ ასევე განუმარტა "მაესტროს“ სოციალური რეკლამის განთავსების ვალდებულება და წესი.

























