მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მაღალი კურსი, ბუნებრივია, იწვევს ფასების მატებას" - რამდენი თეთრით შეიძლება გაძვირდეს საწვავი?

5d418c6abede8
ელენე გოგბერაშვილი
31.07.19 16:45
707
ნავთობპროდუქტების ფასზე ძირითადად ორი მთავარი ფაქტორი ახდენს გავლენას, ეს არის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში და საერთაშორისო ბაზარზე პლატცის ფასი.

როგორც ნავთობიმპორტიორი კომპანიები აცხადებენ, საწვავის ფასზე ნეგატიური გავლენა ამ ორი ფაქტორიდან მხოლოდ ლარის კურსმა შეიძლება იქონიოს, რადგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი გაზრდის შემდეგ დასტაბილურდა, ლარი კი, დევალვაციას განაგრძობს.

კომპანიების თქმით, შემდგომი იმპორტის განხორციელების დროს ლარის კურსი ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება საწვავის ფასზე და შესაძლებელია ზრდა პირველ ეტაპზე 5-6 თეთრის ფარგლებში იყოს.

„მარაგების შევსების თემა მითივით არის, რომ თითქოს დიდი მარაგების შევსება ხდება. ჩვეულებრივ რეჟიმშია ხოლმე, რადგან არავინ იცის, რა იქნება 2 კვირის ან ერთი თვის შემდეგ. ასე რომ, მარაგების შევსებას დიდად აზრი არ აქვს. ეგ ნიშნავს, რომ შეგიძლია რაღაც პროგნოზი გააკეთო, პროგნოზები კი, ამ სფეროში პრაქტიკულად შეუძლებელია. მარაგების შევსება, როგორც წესი, ორი კვირიდან ერთი თვის ფარგლებში ხდება. თუ ლარის კურსი განაგრძობს გაუფასურებას, შესაბამისად, ეს ძალიან სწრაფად აისახება საწვავის ფასებზე. ეს არის ძალიან სწრაფად რეაგირებადი თემა, თუ ახლა არ აისახა, აუცილებლად აისახება რამდენიმე დღეში. როგორც წესი 5-6 თეთრის ფარგლებში ხდება დაკორექტირება და შემდგომ იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აცხადებს „სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ზაალ იაკობიძე.

კითხვაზე - რამდენი თეთრით გაძვირდება საწვავი, „ვისოლის“ გენერალური დირექტორი კონკრეტულ ციფრს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ გაუფასურებული ლარი, ბუნებრივია, აისახება შემდგომი იმპორტის განხორციელების დროს საწვავის ფასზე.

„შესყიდვებს და მარაგებს ისე ვაკეთებთ, როგორც გვქონდა და ბუნებრივია, დევლავირებული ლარი იმოქმედებს ახალ იმპორტზე თავისი ნეგატიური კუთხით.
ჯერჯერობით, დამატებით შესყიდვებს არ ვაკეთებთ.
იმპორტირებულ პროდუქტზე ნებისმიერი ახალი კურსი, რომელიც ნეგატიურად აისახება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ გაძვირდება პროდუქცია. ჯერ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, თუმცა თუ მაღალი კურსი იქნება, ბუნებრივია, მოხდება ფასების მომატებაც. ყოველდღიურად ხდება ნავთობპროდუქტების შემოტანა, ძირითადად 2-3 კვირიანი ციკლია, როცა ვაკეთებთ მარაგების შევსებას.

ჩვენ ცვლადი ორი კომპონენტი გვაქვს. თუ ერთ-ერთი კომპონენტი იცვლება, ვმოქმედებთ იმის მიხედვით. დღეს დგას გაცვლითი კურსის პრობლემა, რაც ნეგატიურ როლს შეიტანს ფასის გაზრდაში.


ვცდილობთ, მინიმალური ცვლილება გავაკეთოთ, რათა ბრუნვა იქნას შენარჩუნებული. ჩვენი ინტერესია მეტი ლიტრი გავყიდოთ, ამის საშუალებას იძლევა დაბალი ფასი“, - აცხადებს ვასილ ხორავა.

შეგახსენებთ, ბოლოს საცალო ქსელში საწვავი 3 კვირის წინ 5-10 თეთრის ფარგლებში გაძვირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები