მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღაზია "წიგნები ბათუმში" დაიხურა

605e34d6f26dc
თამთა ჯიჯავაძე
26.03.21 23:17
1217
მაღაზია "წიგნები ბათუმში" დაიხურა. ამის შესახებ მაღაზიის ადმინისტრაცია "ფეისბუქზე" წერს.

"ამ რთულმა ერთმა წელმა ბევრი მსხვერპლი მოიტანა. ამ მსხვერპლში, სამწუხაროდ, ჩვენი მაღაზიაც (მხოლოდ მაღაზია და არა გამომცემლობა) აღმოჩნდა. დასასრულის განცდა შარშან მარტიდან მოყოლებული დაიბადა, დიდხანს ვატარეთ ხელოვნური სუნთქვა და დადგა დრო, როცა აპარატი უნდა გამოირთოს.

წარმოუდგენლად ძნელია, დაუჯერებელია ამ სიტყვების დაწერა, მაგრამ აქ და ახლა უნდა დაგემშვიდობოთ. დიდი მადლობა ამ ჯადოსნური 8 წლისთვის, უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის, ყველა წერილისთვის, რომელიც დაგვიტოვეთ, ყველა კეთილი სიტყვისთვის, რომელიც არ დაიშურეთ და გულები აგვიჩუყეთ. მადლობა, რომ ეს ადგილი ამდენს ნიშნავდა თქვენთვის.

ხუთშაბათს მემედ აბაშიძის 60-ის კარს სამუდამოდ გამოვიხურავთ. მაგრამ ეს დასასრული არ არის, ეს დასაწყისია. ცოტა ხანს შევისვენებთ და აუცილებლად შევხვდებით სხვა სხეულით, მაგრამ იგივე სულით. აქ და ახლა ეს გამაოგნებელი, დაუჯერებელი, სიკეთით სავსე თავგადასავალი დასრულდა, მაგრამ წინ და სხვაგან უფრო დიდი თავგადასავლებია", - წერს მაღაზია "წიგნები ბათუმში".

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” კიდევ მრავალი წელი შესთავაზებს მკითხველს ახალ თარგმანებსა და გამოცემებს.

მაღაზიის დახურვის გამო კი, 27-28 მარტს, ინგლისურენოვან და რუსულენოვან წიგნებზე იმოქმედებს სალიკვიდაციო ფასდაკლება.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მაღაზიის "წიგნები ბათუმში" დამფუძნებელი აცხადებდა, რომ თუ მათი მუშაობა შეჩერდებოდა ლოქდაუნის გამო, ისინი იძულებული გახდებოდნენ მაღაზია დაეხურათ.

მაღაზია „წიგნები ბათუმში“ 2013 წელს გაიხსნა და მაშინვე იქცა ბათუმელებისა და არა მარტო ბათუმელების საყვარელ ადგილად. მაღაზია სტუმრებს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე წიგნების ფართო არჩევანს სთავაზობდა. იქვე ფუნქციონირებდა კაფე, სადაც იმართებოდა ახალი წიგნების პრეზენტაციები, ცოცხალი კონცერტები, გამოფენები და სხვადასხვა ავტორთან შეხვედრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები