მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღაზიებში გასახდელები არ გაუქმდება, თუმცა ბიზნესს სხვა შესასრულებელი რეკომენდაცია მიეცემა

5ece7149cdce4
ელენე გოგბერაშვილი
27.05.20 18:25
1680
შეზღუდვების მოხსნის განახლებული კალენდრის მიხედვით, 1 ივნისიდან მუშაობას სავაჭრო მოლები და მაღაზიები განაახლებენ. ბიზნესებისთვის საქმიანობის განახლების ვადების გარდა, ამ ეტაპზე უცნობია იმ რეგულაციების შესახებ, რისი დაკმაყოფილებაც ოპერირების შემთხვევაში სავალდებულოდ შესასრულებელი ექნებათ, თუმცა პროტოკოლის სამუშაო ვერსიის მიხედვით იციან, რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ თავად და ასევე, მომხმარებელი რა პირობოთ დაიშვება სავაჭრო სივრცეში.

როგორც bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცხადა, ოფიციალური, დაზუსტებული გაიდლაინები დღის ბოლომდე გამოქვეყნდება და კერძო სექტორს გახსნამდე შეეძლება მისით იხელმძღვანელოს.

ერთადერთი საკითხი, რაც მოლების შემთხვევაში პროტოკოლის გამოქვეყნებამდე ღიად რჩება, მაღაზიებში გასახდელების შესაძლო გაუქმებას ეხება, თუმცა როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განგვიმარტა, ეს რეგულაცია სხვა ტიპის სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციით შეიცვლება და მაღაზიებში გასახდელების გაუქმების ვალდებულება ბიზნესს არ ექნება.

"აქაც ოქროს წესი არის სადეზინფექციო საშუალებებით ხშირად უზრუნველყოფა ასეთი ადგილების. ბუნებრივია, არ იკრძალება გასახდელები, ვინაიდან ჩვენ აბსოლუტურად გვესმის ის საჭიროებები, რომელიც ბიზნესს აქვს და არსებობს ბევრი ისეთი კომპანია, რომლებიც მსგავსი სტანდარტის შესრულებას ფიზიკურად ვერ შეძლებენ.

ჩვენ ამ ეტაპზე ამ შეზღუდვას არ ვაწესებთ, არამედ გაზრდილი და მომეტებული სადეზინფექციო საშუალებებით ხშირად დასუფთავებით მოხდება მსგავსი ადგილების პრევენცია და მომხმარებელთა უზრუნველყოფა. ეს არის ის გზა, რომლითაც პრევენციას განვახორციელებთ და მივცემთ ეკონომიკურ სუბიექტებს საშულებას, საქმიანობა განახორციელონ შეზღუდვების გარეშე", - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ბრენდული მაღაზიების ნაწილი საერთაშორისო წესებით ხელმძღვანელობას და გასახდელების გაუქმებას მაინც გეგმავს. რამდენიმე დღის წინ საერთშორისო ბრენდების წარმომადგენელმა „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ Zara-ს, Bershka-ს, Marks&Spencer-ის, "მასიმო დუტის", "ფულ&ბეარის", "სტრადივარიუსის” მაღაზიებში საქართველოში გამოსაცვლელი ოთახები დროებით აღარ იფუნქციონირებს.

ისინი დაბრუნება-გადაცვლის პროცედურის ვადის გაზრდას გეგმავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო დიდი ხანი მიეცემა მომხმარებელს საშუალება, რომ დააბრუნონ ნივთი. მობრუნებული პროდუქცია კი მოხვდება არა დარბაზში, არამედ 48 საათით გადაინაცვლებს სპეციალურ ზონაში, სადაც მოხდება მისი დეზინფექცია და შემდგომ დაბრუნდება დარბაზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები